საკრებულოში თბილისის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შეიტანა, სადაც საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად გათვალიწინებულია, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 80 მილიონი ლარით გაიზრდება. 2016 წლის ბიუჯეტში კვლავ პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, აგრეთვე, გამწვანების ღონისძიებები.
„რაც ასევე მნიშვნელოვანია, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით, წლევანდელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია 1,5 მლნ ლარით. შემცირებულია აგრეთვე, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსლუატაციის ხარჯები,“- განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მთავრობამ საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი ნოემბრის ბოლოს შეიტანა, თუმცა პროექტის გადახალისება საკრებულოში გამოთქმული შენიშვნების შემდეგ გახდა საჭირო.
