საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად დაცული იქნება.
ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განუცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ხომ არ შეუშლის ხელს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
„მისი უფლებები იქნება საქართველოს კანონმდებლობით სრულად დაცული ისევე, როგორც ეს დღეს ხდება. მას სასამართლოში აქვს უფლება წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება.