ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი შადრევნის დაზიანებული დეტალების აღდგენას მოიცავს.
უწყების ცნობითვე, აღდგება განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოპირკეთებას და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრომომარაგების სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დავითი” ასრულებს. სამუშაოები თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
ცნობისთვის, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მდებარე „კოლხური შადრევანი” ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციაა. ის 2011 წელს საზეიმოდ გაიხსნა და მთლიანად კოლხური თემატიკითაა შექმნილი. მასზე განთავსებულია თხებისა და ცხვრების 30 მოოქროვილი ფიგურა და თამადის სკულპტურა. ფუგურები ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ატეფაქტების მსგავსია.