LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის – 720 ექიმი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

291
ექიმები

საქართველოს ექიმთა საზოგადოების სახელით, 720 ექიმი მთავრობასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და დამატებითი შეზღუდვების დაწესების თხოვნით მიმართავს

  • სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდრორულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში.
  • გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი, რაც დღევანდელ დღეს არ ხდება, როგორც ყველასთვის ცნობილია;
  • აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი);
  • გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები (რა ლოგიკით ვრთავთ ამ ტიპის კონცერტის ჩატარების ნებას და ამავე დროს ხალხს მოვუწოდებთ, არ დაესწროს? განსაკუთრებით კი გასათვალისწინებელია, რომ თინეიჯერის ასაკის ახალგაზრდები ასეთ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ);
  • რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარეული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი;
  • შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორც ვაქცინაციის, ისე PCR-ტესტების ცნობების პასუხების გაყალბება არცთუ ისე იშვიათია ტურისტებში (განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან).
  •  გამკაცრდეს კონტროლი კოვიდ-პასპორტებზე და მათ ვალიდურობაზე.

ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომლის ადრესატებიც ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე; პანდემიის კლინიკური მართვის გუნდი და მისი თავმჯდომარე  თენგიზ ცერცვაძე; დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

“ექიმები საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ხვალ მძიმე პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ; ვინც ვერ დავაინტუბირებთ ასაკოვან ხალხს სასუნთქი აპარატების უქონლობის გამო.”

ღია წერილში საუბარია, რომ ამ შეზღუდვების გარეშე სამედიცინო კოლაფსი და საწოლფონდების დეფიციტი გარდაუვალია.

“ვხედავთ რა საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს, მოგმართავთ თხოვნით, გათვალისწინებულ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი დეტალები და სასწრაფოდ დაინერგოს პრაქტიკაში. ასევე ველით კოლეგიალურ, არგუმენტირებულ, წერილობით პასუხს, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით“, – ამბობენ ექიმები.

ამავე წერილში ექიმები საუბრობენ ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ამბობენ, რომ ამ მიმართულებითაც აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას:

  •  აუცილებლად მიგვაჩნია ვაქცინაციის აქტიური კამპანია, განსაკუთრებით რეგიონებში/რაიონებში. ამის უზრუნველსაყოფად სასურველია შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში რეგულარულად შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გასცემენ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხს, აუხსნიან ვაქცინაციის არსსა და სასიცოცხლო მნიშვნელობას (უკლებლივ ყველა რეგონში და არა მხოლოდ ერთში).
  •  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდეს ვაქცინაციაში მონაწილე ყველა კოლეგას ტრენინგები, ისევე როგორც თბილისში ტარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ალერგოლოგების ჩართულობა.
  •  მაქსიმალურად გაიზარდოს ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა.
  •  ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება; მითითებულ იქნას შესაბამისი რეკომენდაციები.
  • დაწესდეს ჯარიმები აცრაზე დარეგისტრირებული და არგამოცხადებული პირებისთვის.
  • დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის. მაგალითად, არ დაიშვან დახურულ სივრცეებში (რესტორნები, კაფე-ბარები), თავშეყრის ადგილებზე.
  • განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას. არავაქცინირებულ მედპერსონალს შეეზღუდოს პაციენტთან კონტაქტის უფლება.

ფორტუნა გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს

magti 5g