დედა 10 წლის ბავშვს „დიმედროლს“ აძლევდა, ძლიერი ძილიანობა რომ გამოეწვია, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ნესტან აბდუშელიშვილი წერს.
„ბოლო წლებში ზედმეტად გახშირდა ექიმებზე აგდებული და შეურაცმყოფელი ლაპარაკი – თუ როგორი უცოდინარი, უგულო, ფულზე გაყიდული ხალხია. მშობლები და ახლობლები აზიარებენ ღვთის იმედად დარჩენილი მომაკვდავი ბავშვების ფოტოებს. ისე „წააკლავენ“ ხოლმე ექიმს ნებისმიერ პრობლემას, უკან არ მოიხედავენ. თუ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა – “დიდება უფალს“, მაგრამ თუ საქმე ცუდად წავიდა – მიდის ექიმებზე ლაფის დასხმა.
სულ ცოტა ხნის წინ იაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპატრამენტში მოთავსდა 10 წლის ბავშვი უჩვეულო ძილიანობით. ძილი გრძელდებოდა მთელი დღეღამე – ირღვეოდა სასიცოცხლო ფუნქციები და თან ახლდა მხედველობითი ჰალუცინაციები. ბავშვს ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა როგორც აქ, ისე ევროპაში, მაგრამ მიზეზი ვერ იქნა ნანახი.
პარალელურ რეჟიმში დედა და ნათესავენი ახდენდნენ მედპერსონალის ტერორიზებას. იყო წივილ-კივილი, რომ უცოდინარი ექიმები დიაგნოზს ვერ ადგენენ, რომ ბავშვს უკლავენ… პერიოდულად, იძახებდნენ პატრულს, მოჰყავდათ ტელევიზიები , ხანგამოშვებით მღვდლები აკურთხებდნენ განყოფილების კედლებს , მუდმივ რეჟიმში იხდიდენენ პარაკლისებს.
ეს გრძელდებოდა თვეები. აგრესიული განწყობა გადაედო სხვა მშობლებსაც. მოსაცდელებში და გასასვლელებში ხვდებოდი უძილო, გადაღლილ, დათრგუნულ ექიმებს და „სამართლიანი მრისხანებით“ აღსავსე მშობლებს.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს „გია ექიმმა“ მიაგნო ერთ უცნაურ კანონზომიერებას – ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა უშუალოდ დედის ვიზიტის შემდეგ. უჩუმრად ჩატარდა ტოქსიკოლოგიური სკრინინგი და აღმოჩნდა რომ… ამ უჩვეულო ძილს იწვევდა დედა… რომელიც შვილს „კვებავდა“ დიდი რაოდენობით დიმედროლით.
დაისვა დიაგნოზი Munchausen’s syndrome by proxy. რატომ, რისთვის აძინებდა დედა შვილს, ეგ პროკურატურის საქმეა.
ექიმებისთვის ბოდიში არავის მოუხდია.
ისედა, რა თქმა უნდა „დიდება უფალს“
მაგრამ იქნებ მაინც… ექიმსაც არ აწყენდა მადლობა,ზოგჯერ.
კარგი გრძნობაა მადლიერება,“ – წერს ნესტან აბდუშელიშვილი.