LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაჩემმა ჩემი გულისთვის 320 ტონა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები გადაარჩია, ტომრებში სათითაოდ ჩაალაგა და თითქმის მთელ ქალაქს და ნახევარ ქვეყანას დაურიგა. დედაჩემმა 62 000 პური და 230 ტონა საჭმელი დაურიგა მშიერ ადამიანებს…“ – აკა სინჯიკაშვილი დედას დაბადების დღეს ულოცავს

457
აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც საზოგადოებას ქველმოქმედებით გააცნო თავი, დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს:

„24 რიცხვი გახდა და ახლა დედაჩემის დაბადების დღეა… სარეცხს ფენს ახლა ფანჯარაში და აზრზე არ არის ,რამხელა ვინმეა ვიღაცეების ცხოვრებაში.

დედაჩემმა ჩემი გულისთვის 320 ტონა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები გადაარჩია, ტომრებში სათითაოდ ჩაალაგა და თითქმის მთელ ქალაქს და ნახევარ ქვეყანას დაურიგა. დედაჩემმა 62 000 პური და 230 ტონა საჭმელი დაურიგა მშიერ ადამიანებს.

დედაჩემი ჩემი გულისთვის უძლებს ყველა სამუშაო დღეს, ათას დამცირებას, ლანძღვას და კივილს, როცა სხვებს აცმევს, საჭმელს შეაჭმევს და ზოგჯერ სახლში მოჰყავს დასაძინებლად. სახლში დაბრუნებული, არც ამხელს ხოლმე რა დღეში ჩააგდეს იმ დღეს, იმისთვის, რომ მე არ მეწყინოს და მშვიდად დამეძინოს. მშიერისგან და ავადმყოფისგან რომ გეწყინება, ესე იგი რაც გითხრეს, ღირსი ხარო, ასე ამბობს.

სამაგიეროდ, საღამოს, მე რომ მიწერთ, იმ კომენტარებს კითხულობს და ბედნიერებისგან აღარ ეძინება.

მისი გაკეთებული საქმისთვის, მე მიხდით ხოლმე მადლობას და ზოგჯერ სირცხვილი მე თვითონ აღარ მაძინებს.

ახლა სარეცხს დაამთავრებს, ქუჩიდან მოთრეულ კატებს აჭმევს აივანზე, მერე ვითომ დაიძინებს, რომ მე დავიძინო. მერე შემომხედავს, თუ მძინავს. მეც თავს მოვიმკვდარუნებ, ვითომ გათიშული ვარ. – გენაცვალოს დედაო – ჩუმად იტყვის და დაწვება.

მეც ისე მიყვარს დედაჩემი, როგორც თქვენ გიყვართ თქვენი დედა… დიდხანს გყავდეთ ყველას!..

დაბადების დღეს გილოცავ, წკუპ…

უშენოდ რაც ვარ, ეს კი არა, საერთოდ არავინ არ ვიქნებოდი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები