მსახიობი ზაზა კოლელიშვილი გადაცემაში „მამების დრო“ თავისი ოჯახის ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს იხსენებს.
როგორც მსახიობი ამბობს, მის ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული დრო მაშინ დადგა, როცა მცირე დროში სამმა ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა: მამამ, დედამ და ბიძამ დატოვა.
„ჯერ მამა გარდაიცვალა, მანამდე გაიგო, რომ დედას კიბო ჰქონდა. დედაჩემმა დამარხა მამა, 6 თვეში გარდაიცვალა დედაჩემი და 6 თვეში მიყვა ბიძაჩემი. სამი ისეთი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, რომლებიც ჩემს ოჯახს იჭერდნენ,“ – აღნიშნა მსახიობმა.
ზაზა კოლელიშვილმა ასევე ისაუბრა მეგობარზე, რომელიც მის ცხოვრებაში დიდი მხარდამჭერი იყო:
„ერთი მეგობარი მყავს, პაატა მოისწრაფიშვილი, მეზღაპრეა. მაშინ მან მითხრა – შენ ხარ ის ტიპი, რომელიც მშობლების სიკვდილმა დაგაკაცა ნაადრევადო.“
მსახიობის თქმით, მიუხედავად რთული პერიოდებისა, ოჯახი მისთვის ყოველთვის მთავარ ღირებულებად დარჩა.
