“შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის განახლებული” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარდგენისას განაცხადა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.
კახა კალაძის თქმით, 35 ახალი ავტობუსი მოსახლეობას უკვე ზეგიდან მოემსახურება.
„შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის განახლებული, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 380 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დღეს უკვე 35 ერთეული შემოვიდა და ზეგიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. დანარჩენი თებერვლამდე სრულად იქნება მოწოდებული. მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე. ყველა ქუჩაზე შეუძლებელი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსის გადაადგილება და სპეციალურად გამოყოფილია კონკრეტული ხაზები, სადაც ისინი იმოძრავებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, იმ ქუჩებზე, სადაც მოუხერხებელია ავტობუსების გადაადგილება, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.
„პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 8-10-12-მეტრიანი ავტობუსები, გაბარიტებიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე ვერ გადაადგილდებიან, ამიტომ, მიკროავტობუსები იმოძრავებენ იმ ქუჩებზე, სადაც დიდ ავტობუსებს გადაადგილება უჭირთ. ასევე შემოვიდა ახალი მიკროავტობუსები და წლის ბოლომდე, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები იქნება ჩანაცვლებული“, – განაცხადა კახა კალაძე
