დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მამა თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში „აიისას“ მიერ სტრასბურგში მოგებულ საქმეს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, კანონიერად არის ცნობილი პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახულების დატანა.
თამარ ლომიძე აღნიშნავს:
„აიისა“-ს მოუგია თურმე საქართველოსთვის სტრასბურგში და უხარიათ: ახლა დროს აღარ დავკარგავთ და რასაც გვინდა იმას დავახატავთ პრეზერვატივის შეფუთვაზეო. მერე რა, რომ მოიგე სტრასბურგში? ეგ არაფერს ნიშნავს. ეგ არაა გამარჯვება. ყველაფერი დაწერილი კანონებით არ განისაზღვრება ამ ქვეყანაზე. შეიძლება, რწმენაც არ გქონდეს, მაგრამ ელემენტარული კულტურა და პატივისცემა უნდა გაგაჩნდეს, ადამიანი უნდა გიყვარდეს, რომ მას, რაც სხვისთვის ძვირფასი და საპატივსაცემოა, შეურაცხყოფა არ მიაყენო. გერმანიის და საფრანგეთის დემოკრატიასთან, კანონმორჩილებასთან და ადამიანზე ზრუნვასთან ახლოსაც ვერ მოვა დღეს საქართველო, მაგრამ მე ჯერ არსად მინახავს მაგ. მარტინ ლუთერი და გუტენბერგი პრეზერვატივზე, ან ჟანა დარკი ტუალეტის კედელზე. განა იმიტომ, რომ კანონი უკრძალავთ, არა, არამედ იმიტომ, რომ კულტურული და ეთიკური საზოგადოებაა, აღზრდილები არიან სწორად, პატივს სცემენ ერთმანეთს, საზოგადოებრივ მშვიდობას უფრთხილდებიან და არა თქვენსავით პროვოკატორობენ. არაა ეგ თქვენი მოგება არც საამაყო და არც არავითარი მიღწევა. სირცხვილი და ღრმა უკულტურობაა, თქვენ რასაც აკეთებთ, ევროპაში კი ასე არ იქცევიან. ასეა ეს“.