LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

572
კახა გოგოლაშვილი კანონპროექტზე

„დემოკრატიული პროცესის უკუსვლა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება“ – ასე აფასებს „ფორტუნასთან“ საუბრისას „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს და მისი დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდო რისკებსა და საფრთხეებზე მიუთითებს.

რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი თავდაპირველად „ქართული ოცნებისგან“ გამიჯნულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ დააინიცირა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ინიციატივას მომხრეები უმრავლესობაშიც ჰყავს.

როგორც კანონპროექტის ავტორებმა განაცხადეს, შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება“, თუმცა ამ კანონის ირგვლივ შექმნილმა საზოგადოებრივმა მღელვარებამ, შექმნა მოცემულობა, რომ „ქართულ ოცნებამ“, როგორც ეს თავად თქვეს, კანონი შეარბილა და რუსული კანონის ნაცვლად, ახლა ამერიკულ ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.

კახა გოგოლაშვილის მოსაზრებით, კანონი, რომლის მიღებასაც უმრავლესობა აპირებს, დემოკრატიული პროცესების შეჩერებას, საზოგადოებრივი აზრის ჩახშობასა და ქვეყნის დემოკრატიული პროცესების ხელშეშლას ემსახურება და მეტიც, როგორც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ამბობს, ამ ქმედებით, შესაძლოა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი დაკარგოს.

მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ფაქტორია, რომ ამ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და შტატების შეფასება ცალსახაა – როგორც ევროპელი და ამერიკელი ლიდერები ამბობენ, „ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ და რომ „ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად ქვეყანას ამდენი წელი დასჭირდა.

 

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

 

უნდა აღინიშნოს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტი სხვა შინაარსის იყო და როგორც დარგის სპეციალისტები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, ეს იყო წმინდად რუსული კანონი, რომელიც აგრესორმა მეზობელმა რამდენიმე წლის წინ, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი აზრის მოსპობის მიზნით დაამტკიცა.

27 თებერვალს დარეგისტრირებულ მეორე კანონპროექტს კი მისი ავტორები და ახლა უკვე მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ამერიკული კანონის ზუსტ ანალოგს უწოდებენ. ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიმე კანონპროექტს დაამტკიცებენ.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის პირით, რომელმაც კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასა, ითქვა ტყუილი. კობახიძის თქმით, კანონი სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი და ის ამერიკულის ანალოგია.

მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი, გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტზე, ასევე მწვავე კრიტიკას მოიცავს, „გადაჭარბებული“ უწოდა.

ცნობისთვის, 26 თებერვალს გაეროს საქართველოს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ „კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში“.

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო დიდ შეშფოთებას გამოვთქვამთ

ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, მან არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის კატეგორიული წინააღმდეგია და მას ვეტოს დაადებს.

პაპუაშვილი: ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის, ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას

მოქმედი გეგმის თანახმად, პარლამენტმა პირველი მოსმენით, ორივე კანონპროექტი ერთდროულად უნდა დაამტკიცოს და შემდეგ ორივე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას უნდა გაუგზავნოს. ამჟამად კი, კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება.

მისმა მიღებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას – კვირიკაშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

 

კანონპროექტის არსი და მიზანი

 

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე საუბარი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: ერთი შეიძლება ვისაუბროთ, ასეთი კანონმდებლობის დანიშნულებასა და არსზე, ასევე საერთაშორისო პრაქტიკაზე ხოლო მეორე ნაწილია რა მიზნებს ისახავს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ახლა, ამ მომენტში, ამ კანონის ინიცირებით.

მისი შეფასებით, ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული რამაა. კახა გოგოლაშვილის თქმით, ამერიკული კანონი, რომელზედაც უმრავლესობაში საუბრობენ, ამერიკაში პირველ მსოფლიო ომამდეა შექმნილი იმ მიზნით, რომ ქვეყანა, პრაქტიკულად, საგარეო აგენტურას გაუმკლავდეს.

„ანუ, გაუმკლავდეს გავლენის აგენტებს, რომელთაც შტატებში მტრული მიზნები ამოძრავებთ და მოხდეს მათი გამჭვირვალობა.

გამჭვირვალობა არა იმ თვალსაზრისით, რომ ფინანსებს როგორ ხარჯავენ, როგორც ეს მოქალაქეებს წარმოუდგენიათ ამ სიტყვის გაგონებაზე, არამედ პირველ რიგში, გამჭვირვალობა მათი საქმიანობისა – რას აკეთებენ, რა მიზნებს ან ვის ემსახურება მათი საქმიანობა.

ასეთი სახის კანონი ბევრ ქვეყანაში მიღებული არ არის, შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს ასეთი ქვეყნები, მაგრამ ძირითადად ამ კანონს ზემოთ მოყვანილი მიზეზით იღებენ.

პირველი კანონი, რომელზედაც „ხალხის ძალა“ საუბრობდა, წმინდად რუსულია, უფრო ზუსტად, რუსული და უნგრული კანონის ნაზავია, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ეს ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, არაკომერციულ ორგანიზაციებს და არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით და რისთვის არიან დაარსებული. აბსოლუტურად ყველას ეხება და მთავარია, რომ დაფინანსების 20% უცხოეთიდან მოდიოდეს“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, გასულ წლებში, ასეთი კანონი, რუსეთმა მიიღო და საბოლოოდ კიდევ უფრო დაამძიმა, რაც დასრულდა იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში, პრაქტიკულად აღარ დარჩა.

„მანამდე კი აგენტის იარლიყი მიარტყეს და მოსახლეობაში „ანტიპიარს“ უკეთებდნენ, რომ თითქოს, ესენი არიან აგენტები და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები, ასეთი ტიპის კანონის მიღებას აპირებენ ჩვენთან“, – დაამატა გოგოლაშვილმა.

 

 ვარიანტი 2 – „შერბილებული კანონპროექტი თუ თვალის ახვევის“ მცდელობა

 

დასმულ კითხვაზე, არის თუ არა, მეორე ინიცირებული კანონპროექტი რეალურად ამერიკულის ანალოგი, როგორც ამას საპარლამენტო უმრავლესობა და თავად „ხალხის ძალა“ ამტკიცებს, კახა გოგოლაშვილმა გვიპასუხა, რომ ეს მხოლოდ თვალის ახვევის მცდელობაა და არა რეალური „შერბილება“:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

„როდესაც პოლემიკა ღრმად შევიდა და მოქალაქეებმა ეს კანონი გააპროტესტეს, შემდეგ თვალის ასახვევად ეს ამერიკული ვარიანტი შემოვიდა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა:

ამერიკული ვერსია არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ, ისეთნაირად არის ჩამოყალიბებული, რომ ამ კანონის ქვეშ მხოლოდ არასამთავრობო სექტორის 5%-ია მოქცეული.

ამერიკაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მხოლოდ 5%-ია რეგისტრირებული და იქიდან 90% სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური წარმომადგენლობებია.

ანუ, საბოლოო ჯამში, ამერიკული კანონი ემსახურება იმას, რომ გამოავლინონ, ვინ არიან უცხო ქვეყნების ინტერესების ლობისტები.

ჩვენს შემთხვევაში კი, ეს კანონი, რომელსაც აპირებენ რომ მიიღონ, ამერიკულის ასლი იქნება, მაგრამ შედარებით ბუნდოვნად დაწერილი. მაგალითად, რაც შეეხება 20%-იან დაფინანსებას [არ ვიცი, ამას დატოვებენ თუ არა] რომელიც კანონშია მითითებული..

ამერიკულ კანონში პირდაპირ წერია, რომ უცხო ქვეყნიდან ან ობიექტიდან [იურიდიული პირიდან ან კერძო პირიდან, რომელიც უცხოეთშია დარეგისტრირებული], უნდა ფინანსდებოდეს – ან მთლიანად, ან უდიდესი ნაწილი, ანუ, 80% უცხოური ქვეყნის ორგანიზაციიდან უნდა ფინანსდებოდეს, ხომ?

ეს კიდევ – დაფინანსება, ბოლო ნაწილია, მთავარი, რაც ამერიკულ კანონში წერია არის ის, თუ რას აკეთებს ორგანიზაცია, ატარებს თუ არა უცხო ქვეყნის ინტერესებს.

არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც გრანტს იღებს, უცხოური ორგანიზაციის ინტერესებს არ ატარებს, ის ატარებს საქართველოს ინტერესებს – რეფორმის, დემოკრატიის მხარდაჭერის ან მოსახლეობის, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერით. მაგალითად, განათლების სფეროში დახმარებას უწევს რეფორმას და ა.შ“, – გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.

 

როგორ მოხდება კანონის აღსრულება და ვინ იქნებიან „აგენტები“

 

რაც შეეხება კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მისი აღსრულების ნაწილს, როგორც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ამბობს, იუსტიციის სამინისტროში მათი რეგისტრაცია მოხდება, თუმცა განაცხადი გენერალურ პროკურორთანაც უნდა გაიგზავნოს – ე.ი. თუ ორგანიზაცია თავს აგენტად არ ირეგისტრირებს, გენერალური პროკურატურა ამ ორგანიზაციას თავად დაარეგისტრირებს.

„შემდეგ კი, რაც მეორე ვარიანტის [ამერიკული ვერსია] კანონშია და რაც ძალიან დრაკონულია არის საკითხი: ნებისმიერი მიმოწერა, ან ანგარიში, რომელიც ორგანიზაციას თავის დონორთან ექნება და რომლითაც პროექტის განსახორციელებლად გრანტს მოიპოვებს, პარალელურად გენერალურ პროკურატურაში ზედამხედველობისთვის უნდა გაიგზავნოს.

რაც შეეხება გამჭვირვალობის ნაწილს, თითქოს ფინანსური გამჭვირვალობაა ხომ? ანუ, ყველაფერი: ხელფასები; ყველანაირი შემოსავლები, ჰონორარები და ა.შ უნდა აისახოს ვებსაიტზე ან სადმე გამოიდოს.

ანუ, ყველას აიძულებენ, ვინც ხელფასს უცხოური დაფინანსებით იღებს, გამჭვირვალე იყოს და ამ დროს, უცხოური გრანტის მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, ბიზნესმენი და ა.შ.

სხვა სექტორში დასაქმებული ადამიანი კი შეიძლება ბევრად ღარიბი იყოს, რადგან გრანტი წელიწადში ორჯერ აიღოს და სხვა შემოსავალი არ ჰქონდეს, მაგრამ მისი ხელფასის შესახებ, თურმე მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, აი, ეს არის ამ კანონის თითქოსდა გამჭვირვალობა.

სინამდვილეში, აქ ხდება სტიგმატიზება, რატომ მაინც და მაინც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებს ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მაგალითად, გაეროდან და ევროკავშირიდან იღებენ?!

მაგალითად, შეერთებული შტატებისა და იაპონიის განვითარების სააგენტოდან ან სხვა, რომლებიც სპეციალურად განვითარების ხელშეწყობისთვისაა შექმნილი“, – განუცხადა „ფორტუნას“ კახა გოგოლაშვილმა.

 

რას გამოიწვევს კანონპროექტის დამტკიცება

 

კახა გოგოლაშვილის მოსაზრებით, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ამ კანონის საქართველოში გამოყენება ისე მოხდება, რომ ორგანიზაციები აღიქმება, როგორც უცხო ძალა, რომელთა მოქმედება და მიზნები საქართველოში, საეჭვოა და შესაბამისად, „მათი ძალიან სკრუპულოზური ზედამხედველობა უნდა მოხდეს, რომ ქვეყანას რაღაცა არ „დაუშავონ“.

გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ნებისმიერი დონორისთვის მიუღებელია:

„მათ საქართველო შიმშილს გადაარჩინეს. ამდენი წლის განმავლობაში რაც ქვეყანაში გაკეთდა, გზებით დაწყებული, გვირაბებითა და გნებავთ, ენერგეტიკით დასრულებული, სწორედ უცხოური ინვესტიციებით გაკეთდა.

მათ უამრავი გრანტები ჩადეს, უამრავი კრედიტები ძალიან დაბალ პროცენტში, რომ იტყვიან, პრაქტიკულად ნაჩუქარი ფულია. გარდა ამისა, უცხოური გრანტებით, მათ ხელი შეუწყვეს კანონების შექმნას და ბევრი სხვა რამ.

საქართველოში ნებისმიერი სამინისტრო, სამთავრობო უწყება ამ გრანტებს იღებს და საერთოდაც, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების მხოლოდ 2% მოდის, დანარჩენს კი სახელმწიფო და ბიზნესი იღებს“, – აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

 

მედია „აგენტების“ სიაში და „ცენზურის დაკანონების მცდელობა“

 

„მედიაც დაახლოებით, იმავე ვითარებაში აღმოჩნდება, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები“, – გვითხრა გოგოლაშვილმა და დაამატა, რომ დღეს, ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საკუთარი გადაცემების განვითარებისთვის გრანტს იღებს, იქნება ისევე სტიგმატიზებული, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი, გატარდება სპეციალურ რეესტრში.

„არა რუსულ კანონს“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ – ჟურნალისტებმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

„მიუხედავად იმისა, რომ მედიას, მის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ისედაც ხისტი კანონმდებლობა აქვს, ამას კიდევ მიეწებება პოლიტიკური სტიგმა, რომ ისინი ვიღაცის გავლენის აგენტები არიან.

მაგალითად, ამერიკაში, ამ კანონით „სპუტნიკი“ და „რაშა თუდეი“, რომლებიც ყველამ კარგად იცის, რომ რუსულ პროპაგანდას, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან,  დარეგისტრირებული არიან.

ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნის, შიგნით დაარსებული მედიასაშუალებები ისე იქნება განხილული, როგორც ამერიკაში „სპუტნიკი“ და „რაშა თუდეი“, – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მხარდაჭერას უცხოური დაფინანსებით პოულობენ და როგორც „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა დაამატა, ქვეყანაში ეს მხარდაჭერა მცირე მასშტაბის მედიასაშუალებებზე ძალიან მნიშვნელოვანია.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

„მაგალითად, რეგიონული მაუწყებლები, რადიო და ა.შ, რომლებიც პრაქტიკულად, გრანტებით არსებობენ. ამ გრანტების მოპოვება კი იგივე შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხდება.

მართალია, ეს მედიასაშუალებებისთვის ძალიან მწირი თანხებია, ხელფასებს ძლივს გასცემენ, მაგრამ ისინი მაინც მოიპოვებენ, შრომობენ იმისთვის, რომ მოსახლეობის ინფორმირებას, განათლების რეფორმირებასა და დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას მხარი დაუჭირონ.

წარმოიდგინეთ, რომ ისინი დარეგისტრირდებიან, როგორც უცხო ქვეყნის აგენტები, მაშინ როგორ უნდა ენდოთ მათ მოსახლეობა?!

უმრავლესობა ამ სიაში იქნება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არავინ, მათ შორის, არც სახელმწიფო, რეგიონებში არსებულ ამ მცირე მაუწყებლებს არ ეხმარება“, – თქვა კახა გოგოლაშვილმა.

 

კანონი, როგორც შემაფერხებელი ბარიერი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ კანონპროექტის ირგვლივ დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მწვავე შეფასებების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა კვლავაც მიმდინარეობს.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის დამტკიცება ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას შეაფერხებს და ამასთან, რისკის ქვეშ დგება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი:

მგონია, რომ პოლიტიკური პარტიებიც გააქტიურდნენ და რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურია.

მათ [ხელისუფლებამ] ასეთი დრო გამონახეს – საერთაშორისო თანამეგობრობა ახალ ძირითადად უკრაინის ომითაა დაკავებული და რუსეთს ეომება.

ხელისუფლებამ ამ გზით გადაწყვიტა საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვა, ჩათვალეს, რომ რადგან მთელ ევროპაში საომარი მდგომარეობაა, თითქოსდა საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთ ქმედებაზე, თვალს დახუჭავს. ალბათ, ამის უკან, ასეთი გათვლაა.

მათთვის ეს პროცედურულად მარტივი იქნება, ჩვენთვის კი ძალიან ცუდი – ისინი [დასავლეთი] ჩვენთან, ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, კონსულტაციებს უბრალოდ შეაჩერებენ.

თუ ადამიანის უფლების დარღვევისთვის, თურქეთს გაწევრიანების მიღებაზე მოლაპარაკებები შეუჩერეს, 2015 წლიდან არც ერთი რაუნდი არ შემდგარა, ჩვენ რატომ არ შეგვიჩერებენ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე კონსულტაციებს და საერთოდაც, ამ საკითხის განხილვას?!“ – გვითხრა კახა გოგოლაშვილმა და დასძინა, რომ დასაწყისისთვის ეს ასეც მოხდება კიდეც.

„აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც გავუსვა ხაზი: ამ კანონის მიღებას უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან, გრანტების შემცირება მოჰყვება და არ ეგონოთ, რომ ეს მხოლოდ არასამთავრობო სექტორში მოხდება.

ეს მოხდება საზოგადოებრივ სექტორშიც, ანუ, სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ძალიან ბევრი გრანტი შეჩერდება, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც დემოკრატიის ხელშეწყობის კონტექსტია და ამ კუთხით რეფორმებისთვის თანხაა ჩადებული“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას კახა გოგოლაშვილმა და მაგალითისთვის უნგრეთში მიღებული მსგავსი კანონი მოიყვანა, რომელიც ქვეყანამ 2016 წელს მიიღო და შემდეგ გააუქმა:

„ევროკავშირში ასეთი კანონმდებლობა არ მოქმედებს და არ არსებობს, ამიტომ, როდესაც უნგრეთმა 2016 წელს, ასეთი კანონის მიღება გადაწყვიტა, ბევრმა წევრმა ქვეყანამ მიუთითა, რომ ეს მართებული არ იყო.

უნგრეთმა ეს კანონი მაინც მიიღო, რასაც შემდგომში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში გასაჩივრება მოჰყვა, რომელსაც ევროკავშირის შეთახმებებით, ნებისმიერი წევრი ქვეყნის, შიდა კანონმდებლობაზე პრიმატი აქვს, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ამიტომ, როცა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს კანონი არ შეესაბამება და საერთოდ მისი დასახელებაც კი უკვე დისკრიმინაციულია და მით უმეტეს, მუხლები, რომლებიც მასში ჩაშლილია, უნგრეთს მისი გაუქმება მოუწია.

დილემა იყო, რომ ჯერ უნგრეთი ევროკავშირის ფონდებიდან დახმარებას დაკარგავდა და შემდეგ შესაძლოა გარიცხვაზეც კი ემსჯელათ, ამიტომ ქვეყანამ უკან დაიხია და ეს კანონი გააუქმა.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს, ამ კანონთან მიმართებით, უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და როგორც ზოგადად, ისე შინაარსობრივადაც გაცხადებული აქვს, რომ ის შეუთავსებელია.

ამდენად, წარმოუდგენელია, რომ ამ კანონის მიღება არ გახდეს როგორც ბარიერი, ჩვენთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებაზე. ეს ყველამ ძალიან მარტივად უნდა დაინახოს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ამაში ისაა, რომ როგორც ჩანს, მთავრობაში ამ ყველაფერს ხედავენ, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა პრიორიტეტებით მოქმედებენ.

ანუ, სურთ სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური დაკნინება, მათი სახელის გატეხა და სტიგმატიზება იმისთვის, რომ მმართველ ძალას არჩევნებში სასურველი შედეგის მიღებაში – გამარჯვებაში ხელი არ შეუშალონ.“ – განუცხადა „ფორტუნას“ კახა გოგოლაშვილმა.

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

magti 5g