LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, გვსურს, ამ პროცესის გაგრძელება ვიხილოთ – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

34
BeFunky-collage (6)

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანიკენ ჰუიტფელდმა აღნიშნა, რომ საქართველოში ნორვეგიული საელჩოს გახსნით მოხარულია.

სიტყვით გამოსვლის დროს, მან საქართველოს პოლიტიკურ კურსზე გაამახვილა ყურადღება და საერთო უსაფრთხოების მიღწევაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა:

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. რვა წლის წინ ვიყავი აქ, როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. ჩემი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ უკეთესად გავიგო სიტუაცია თქვენს ქვეყანაში, რეგიონში, რათა გაძლიერდეს ბრწყინვალე და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ასევე, ვეწვევი პრემიერ-მინისტრს და შევხვდები პარლამენტის წევრებს. ვეწვევი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსაც, ევროკავშირის სამონიტორინგო მისიის წარმომადგენლებთან ერთად. ძალიან მადლიერი ვარ თბილი მიღებისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ნორვეგიის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისევე, როგორც ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით.

შეხვედრის დროს საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები, ტურიზმი, ვაჭრობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ შესაბამისი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტი. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას და ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ვაფასებთ საქართველოს მიერ წლების განმავლობაში საერთო უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენს მიერ გასული წლის შემოდგომაზე ქაბულიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ოკუპაციის გაგრძელება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. რუსეთის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა, გატაცებები და დაკავებები სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის სავალალო და სრულიად მიუღებელი. მივესალმებით საქართველოს დიალოგის პოლიტიკას, რომლის მიზანი, რუსეთის აგრესიის ფონზე, სიტუაციის განმუხტვაა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება.

წლების განმავლობაში საქართველომ დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გვსურს, ამ მხრივ პროცესის გაგრძელება ვიხილოთ და ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის მხრიდან ივნისში გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ ვართ, ნორვეგია ევროკავშირის ძალიან მჭიდრო პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ერთიან ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება“, – აღნიშნა მან.

 

 

შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც და აღნიშნა, რომ მზარდია ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები, რაც პერსპექტიულს ხდის ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით:

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. ღრმად ვაფასებთ ნორვეგიის, როგორც ერთ – ერთი ყველაზე მსხვილი დონორის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნორვეგიის როლი საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-რეაბილიტაციის პროცესში. მზარდია ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირები, რაც მეტად პერსპექტიულს ხდის ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის, ენერგეტიკისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

დარჩიაშვილმა ნორვეგიის იმ წვლილზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეიტანა:

„აღნიშნული დახმარება უმნიშვნელოვანესია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესისათვის და ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით. მსურს მადლობა გადავუხადო ნორვეგიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესსა და ასევე ნდობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აღნიშნული უპირობო მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მხრივ ამ ძალზე მძიმე და არსებულ არასტაბილურ გარემოში, როდესაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე, ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების მიმართულებით. აღინიშნა, რომ არსებული მწვავე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი პარტნიორების ჩართულობას, ერთიან და მტკიცე პოზიციას ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვან გზაზე, იმ პროცესებზე, რომელიც დღეს საქართველოში ვითარდება და იმ ძალისხმევაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სწევს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო შეუქცევადი გახდეს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

პოპულარულები