LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან კომპიუტერული თამაშების შემქმნელთა ყველაზე დიდი მარათონი იწყება

110

დღეიდან კომპიუტერული თამაშების შემქმნელთა ყველაზე დიდი მარათონი იწყება. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიის Gamelab Iliauni-ის ორგანიზებით გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, Gamelab Iliauni თავს მოუყრის ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარულს და ისინი ერთად დაელოდებიან  2016 წლის Global Game Jam (GGJ)-ის თემის გამოცხადებას.

Gamelab Iliauni-ში ისინი შეხვდებიან მსოფლიოში აღიარებულ გეიმდიზაინერს, მარკ რეინ ჰაგენს, რომელიც მონაწილეებს მენტორობას გაუწევს გეიმჯემის მსვლელობისას. 30 იანვარს, 11:00 საათიდან კი, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაარსებულ პირველ ქართულ ტექნოლოგიურ პარკში (ტექნოპარკი საქართველო) Global Game Jam (GGJ)-ის მონაწილე გუნდები თემის შესაბამისი თამაშების პროტოტიპებს შექმნიან”, – განაცხადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბოლო 11 წელია, Global Game Jam (GGJ) სისტემატურად ტარდება მსოფლიოს უამრავ ადგილას. ეს არის ერთგვარი ჰაკათონი –  კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებული სხვადასხვა გამოცდილების მქონე მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთსა და იმავე დროს იკრიბებიან გარკვეულ სივრცეში და ელოდებიან ჰაკათონის თემის გამოცხადებას. შემდეგ კი, 48 საათის განმავლობაში  ქმნიან გუნდებს და თემის შესაბამისი თამაშის პროტოტიპებს, რომელსაც ტვირთავენ ვებგვერდზე გლობალური ე.წ გეიმჯემის დასრულებისას.

mazda magti 5g