დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ წნევის მხრივაც. წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.
დღეიდან ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა იწყება – 30 ივლისამდე პლანეტა პლუტონის ენერგია უპირისპირდება ასტეროიდ ქირონისა და პლანეტა იუპიტერის ენერგიებს. ეს მოვლენა მეტად საყურადღებოა, რადგან მისი ზეგავლენით 30 ივლისამდე საგრძნობლად მოიმატებს სირთულეები ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში, ასევე შეიქმნება დაძაბულობა სამთავრობო სტრუქტურებსა და ხალხის მასებს შორის. აღნიშნული კოსმიური მოცემულობა ყველასგან ცოტა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.
დღის რეკომენდაციები:
დღეს გაუფრთხილდით ძვირფასეულობას, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და მოერიდეთ საქმეებისა თუ ურთიერთობების გარჩევას, მით უმეტეს, ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ. საგრძნობლად სუსტდება ადამიანთა აურა და ენერგეტიკული ველი, მატულობს დეპრესიისადმი მიდრეკილება და ხასიათის ცვალებადობა.
ვინაიდან ცილისწამებისა და გულისტკენის ტენდენცია საკმაოდ მაღალია, ეცადეთ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და დღევანდელი დღე მაქსიმალურად ფრთხილად განვლოთ. ნეგატიური და რთულია ეს პერიოდი ქორწინებისათვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, ადგილსამყოფლის (მათ შორის, ბინის) შესაცვლელად, ასევე სესხის ასაღებად. დღეს ნუ გასცემთ დაპირებებს, რადგან მათი უმრავლესობა შემდგომში ვერ შესრულდება. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები ცხოვრებისეული შემდგომი მოსალოდნელი წინაღობების შესახებ გვამცნობენ.
პარტნიორული ურთიერთობები:
პირად ცხოვრებაში დღეს მოსალოდნელია მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილებები.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. მკაცრად აკონტროლეთ საჭმლისა და სასმლის ხარისხი.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან დღის განმავლობაში რეკომენდებულია ზურმუხტის, აქატის, ონიქსისა და მალაქიტის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან სასიკეთოა თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიმზიდველობას.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე პოზიტიური ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ეს პერიოდი ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.