„გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ: 2025 წლის 18 ივლისს, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით“, – წერს პლასტიკური ქირურგი გია გვარამია
და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრეპარატებზე და ინექციების გამოყენებაზე არ ხორციელდება სათანადო სახელმწიფო კონტროლი, რის გამოც შესაძლებელია ჩვენს ბაზარზეც მოხვდეს არალეგალური პრეპარატები“.
„ხშირად ბოტოქსის ინექციები ტარდება არალიცენზირებულ დაწესებულებებში, არასათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ.
სპეციალისტებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური გზით შემოტანილი, ლიცენზირებული პრეპარატები.
პაციენტებს ვურჩევთ, პროცედურები ჩაიტარონ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში და პროცედურის ჩატარებამდე დარწმუნდნენ, რომ გამოყენებული პრეპარატი ლეგალურია.
ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გია გვარამია სოციალურ ქსელში.