LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დილის შემდეგ ტელეფონი გამორთულია, თუ სადმე შეამჩნევთ, სასწრაფოდ დარეკეთ” – ახლობლების ცნობით, ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, რა პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა

3751
გჰჯდყტჯ

ახლობლების ინფორმაციით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

როგორც ახლობლები აცხადებენ, მისი კვალი ავჭალის პოლიციის შენობასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი იპოვეს.

“მეგობრებო ყველას ძალიან გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა რამაზ გერლიანი, თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ სასწრაფოდ დარეკოთ ნომერზე : 597146522

ბოლოს მანქანა იპოვეს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან. გადააზიარეთ პოსტი უმორჩილესად გთხოვთ”, – წერს სალომე შავიანიძე სოციალურ ქსელში.

 

რამაზ გერლიანის ძმის, რომანოზ გერლიანის განცხადებით, მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ „ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა.

„გუშინ დილით არის ეს პოსტი გამოქვეყნებული. როგორც კი ვნახე, დავრეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის შემდგომ, სულ გათიშული აქვს ტელეფონი, მოვახდინეთ რეაგირება და პოლიციის სამმართველოში განვაცხადეთ. საახლობლოში ვრეკავთ, ყველა ერთმანეთს ეკითხება და არ ვიცით სად არის ადამიანი.

ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ არის სადგომი, ზუსტად იქ ვნახეთ ჩემი ძმის მანქანა და იმ განყოფილებაშივე შევიტანეთ განაცხადი. მანქანის კარი ღია იყო, გასაღებიც შიგნით დევს“, – აღნიშნა რომანოზ გერლიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გუშინ დილით „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!

როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს…

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.

დისკრედიტაცია გინდოდათ – ფსკერზე ვარ.

ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ – ვერ მიიღებთ.

კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, – წერს რამაზ გერლიანი.

ფეისბუქ-პოსტი ამ ეტაპზე აღარ იძებნება.

 

“ფორტუნა” რამაზ გერლიანის გაუჩინარებისთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება საკითხზე უკვე ინფორმირებულია.

დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

პოპულალურები