საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი „პირველი არხის” გადაცემაში „დღის კოდი“ დედა-შვილის მიჯაჭვულობის ფენომენზე საინტერესოდ საუბრობს.
„დედა სპეციფიკური ვინმეა სწორედ იმ ადამიანისთვის, რომელიც მან დაბადა, მისი პირმშოა, მისი ნაწილი იყო, ამიტომ გავლენა ძალიან დიდია. ეს გავლენა შეიძლება იყოს დადებითიც და ძალიან ნეგატიურიც…
როდესაც დედა-შვილის ურთიერთობაში ვერევით, როგორც ფსიქოთერაპევტები, ძალიან რთული კონფლიქტები არსებობს, ამას ვხედავთ. შეიძლება, ადამიანები ცაში დაფრინავდნენ სწორედ იმის გამო, რომ ეს ურთიერთობა ღრმა, წარმატებული პიროვნების დამბადებელია. დედა, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ყველაზე მძლავრი ზემომქმედია საკუთარ შვილზე…
დედა არსებობს ცოცხალ სამყაროში და ცხოველებსა და ფრინველებშიც ისეთი დატვირთვის მქონეა, როგორც ადამიანთან. ამ საერთოს გარდა, არის სპეციფიკური ადამიანური მომენტებიც.
მინდა, მოვიყვანო მაგალითები, რა არის კარგი და ცუდი დედა, თუკი ბიოლოგიური სამყაროს მხრიდან შევხედავთ დედა-შვილს. წარმოიდგინეთ, ლეოპარდი როგორ ექცევა ეს ცხოველი თავის შვილს. ჩვენ, ადამიანებს, ბევრი რამ გვაქვს დასანახი, ისე, როგორც ვაჟა-ფშაველა ხედავდა ბუნებაში ღვთიურს და მასწავლებელს. გარკვეულ ასაკამდე ლეოპარდი არის სუპერმზრუნველი, აგრძნობინებს თავის ნაშიერს, რომ ის უსაფრთხოა, დაცულია და ის უყვართ. ეს ყველაფერი გამოიხატება მის ქცევაში. ამის მიღმა არის სწავლება, ასწავლის, როგორ შეიძლება ამ ველურ სამყაროში გადარჩენა… ხშირად, გარკვეულ ეტაპზე აჩვენებს, როგორ შეიძლება მოკლას აუცილებლობისთვის, როცა შია… ჰიპერმზურნველობის შემდეგ დგება პერიოდი, როცა იწყება მეორე ეტაპი. ამ დროს ნასწავლი შვილი დედამ უნდა გაუშვას. უნდა გაუშვას საკმაოდ მკაცრად. საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ შეიძლება შეეწიროს კიდეც ამას, თუკი არ დატოვებს იმ ტერიტორიას, სადაც დედაა… თუკი ამ მაგალითს გადავიტანთ ადამიანზე, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი ეტაპი, გვაქვს, როგროც ამის მსგავსი, ასევე ამ ორი ეტაპის დამრღვევი ქცევაც. მნიშვნელოვანია, რომ დედა აღარ იყოს რაღაც ეტაპის შემდეგ ჰიპერმზრუნველი და დატოვოს ნასწავლი შვილი სამყაროს პირისპირ…“
