LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახეთი საქართველოდან გასვლას არ აპირებს

63

ქართული მხარე ყაზახეთს „ყაზტრანსგაზის“ მენეჯმენტში დაბრუნებას ღიად სთავაზობს.

როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ამას ყაზახეთის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება დასჭირდება.

“ჩვენ ვეუბნებით, რომ დაბრუნდით, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ეს არის ყაზახური ინვესტიციები. ჩვენ ამას ვადასტურებთ და გვინდა, რომ მოხვიდეთ და ამ კომპანიას შესაბამისი მენეჯმენტი გაუწიოთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ყაზახებთან ღია მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მე არ მინდა წინა ან დღევანდელ ხელისუფლებას შევეხო, იყო თუ არა ეს წართმეული. არ ვფიქრობ რომ ეს ასეა. თავის დროზე გადაწყვეტილებები იყო მიღებული იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა გაზით ყოფილიყო მომარაგებული. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავუფიქსირეთ მათ, რომ ჩვენთვის სასურველია, რომ ყაზახები მენეჯმეტში დაბრუნდნენ. მენეჯმენტში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ინვესტიციების განხორციელება სჭირდება, რადგან დღეს ქსელი ამ ინვესტიციებს საჭიროებს და მათ ეს გათავისებული უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მან ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

“პირველი უმთავრესი მესიჯი, რაც ჩვენ მათგან მივიღეთ იყო ის, რომ ყაზახეთი საქართველოში რჩება და მათ არც აქვთ ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოდან გავიდნენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრები დავიწყეთ ბათუმში. სამწუხაროდ, ჩვენც კი შეცდომაში ვიყავით შეყვანილები იმ განცხადებებით, რაც ვრცელდებოდა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის თქმით, ყაზახეთის ვიცე პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ყაზახები ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალში რჩებიან, მათთვის ეს არის კარგი ინვეტიციები, საიდანაც დივიდენდებსაც იღებენ და შესაბამისად, ტექნოლოგიური განახლება და გაუჯობესება აუცილებლად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g