საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 22 ივნისს გაიმართება.
„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს – მათ შორის ერთი 17 წლის ბიჭია
„2022 წლის 29 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, განიხილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების გ.დ.-ს და ი.ა.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
გ.დ.-ს ბრალად ედება იძულება, განზრახ მკვლელობა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ხოლო ი.ა.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.
საქმის მასალების თანახმად, გ.დ.-მ მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, ე.წ. „დირსის დასახლებაში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახლიდან ჩამოტანილი ცივი იარაღით, შურისძიების მოტივით, განზარახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადსხვა მიდამოში, ჭრილობები მიაყენა 4 პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დანარჩენი პირები გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში.
გ.დ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით, ტაქსიში ჩაჯდა, აღნიშნული ფაქტის შესახებ მოუყვა მძღოლს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა არ ეთქვა სამართალდამცველებისთვის.
მომხდარის შემდეგ, გ.დ. მივიდა ნათესავთან ი.ა.-სთან, რომელსაც ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი დანა აჩვენა. ი.ა-მ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, დანები მდინარე მტკვარში, ხოლო გ.დ-ს ტანსაცმელი, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარჩენების ურნაში გადაყარა.
შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.