LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ხმაურიანი შეხვედრა – არმიღებული საკამათო დოკუმენტი, უკმაყოფილო რუსეთი და საქართველოს პასუხი

ჟენევის მორიგი შეხვედრის ხმაურიანი დასრულების მეორე დღეს საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას უერთდება და სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს. ცხადია,  ეს ორი საკითხი პირდაპირ კავშირში შესაძლოა, არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ  თბილისში რუსეთის საწინააღმდეგო  გადაწყვეტილება  კრემლის  უკვე ღია საყვედურებს მოჰყვა, სადაც მოლაპარაკებების ქართველი მონაწილეების განცხადებები პროპაგანდისტულ აქციად შეაფასეს.

„მეზობლებთან“ ნდობის აღდგენაზე ფიქრი და პირდაპირი დიალოგი მათთან, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება, „რესპუბლიკების“ კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლის შეწყვეტა საზღვარგარეთ – ასეთია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გზავნილები, რომელიც მათ განცხადებაში აისახა.

რუსეთში არც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დარჩენიათ ყურადღების მიღმა და, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, აღნიშნა, რეზოლუციის რისკები, რომელმაც საქართველოს „პრემიერმინისტრის მიმართვის უარყოფა მოახდინა“.

 

რა მივიღეთ ჟენევის 43-ე რაუნდიდან

შეხვედრამდე  ყველაზე აქტუალური საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება იყო, რომელიც ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ქართველმა მონაწილეებმა, დისკუსიების დროს, განმარტეს, რომ განცხადების მიღება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესის დაწყებას უნდა ემსახურებოდეს.

უწყების ინფორმაციით,  ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რაზეც როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „რუსეთის ფედერაციამ  დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება იყო, რაზეც ქართველმა მონაწილეებმა სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მათ არაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი  საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას,“ – აღნიშნულია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ჟენევის ფორმატის შეცვლის საკითხია. შეიცვლება თუ არა ეს ფორმატი, როდის  და  როგორ,  ამაზე პრემიერმინისტრის მიმართვის შემდეგ პოლიტიკური და საექსპერტო წრეებში ბევრს საუბრობენ. ჟენევის ბოლო რაუნდის ჩატარების შემდეგ კი დღის წესრიგში მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხეც დადგა. 

კარასინის განცხადებაში, სადაც ის პარლამენტის რეზოლუციაზე საუბრობს, მიუთითებს, რომ რისკები უნდა შეფასდეს და ამის შემდეგ შეიძლება მოფიქრება, თუ როგორ უნდა მოხვდეს ჟენევის დისკუსიის რეფორმირება.

რას სთავაზობს რუსეთი ამ მიმართულებით საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია, მოსაფიქრებლად კი, თუ მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას დავეყრდნობით, ორი თვე სჭირდებათ და მათი პოზიცია მომავალ რაუნდზე გახდება ცნობილი.

 

საფრთხეები და გამოსავალი – ქართული პოლიტიკური სპექტრის არგუმენტები

კარასინის განცხადებას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია პრემიერის მიმართვის უარყოფაა, ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნუკრი ქანთარია.

„პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ მისცა საბაბი კარასინს, ეთქვა – თქვენ ვერ ჩამოყალიბებულხართ, რა გინდათო!“ –  ამბობს  ქანთარია და დასძენს,  რომ რეზოლუციას ხმა თავად მისცა. თუმცა,  უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ რუსეთი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობას არ აიღებს და ამიტომ, ქანთარიას თქმით,  სჯობდა, რეზოლუციაში რეალური მოთხოვნები ყოფილიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ვოლსკი, კი მიიჩნევს, რომ კარასინის განცხადება საქართველოში არ უნდა მიიღონ, როგორც კონსპექტი.

მისი თქმით, კარასინს აწყობს საქართველოში შიდა განხილვები. მისი განცხადებით, სწორედ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრის კრიტიკა გამოიწვია.

„უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ კარასინს ასეთი ვითარება აწყობს, კარასინს არა, რუსეთს, როდესაც მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს,“ – ამბობს გიორგი ვოლსკი.

კარასინის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იმ სახით შეინარჩუნოს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იქნა მიღებული.

„კარასინის რეაქცია არ არის მოულოდნელი, სამწუხაროდ, მან დაადასტურა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით. მიესალმა პრემიერ-მინისტრის წერილს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო საზიანო იმიტომ, რომ იმ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც რუსეთის ინტერესებში შედის უკვე მრავალი წელია, დაგმო პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებული რეზოლუცია იმიტომ, რომ ის სწორად აყენებს საკითხს და რეალურად ავალებს მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს უქმნის პრობლემებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არის. 

 „რა თქმა უნდა, ჟენევის დღეს არსებული ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგრესიის შემდეგ, არის ის ფორმატი, რომელიც გრძელვადიანად საქართველოს სჭირდება.  ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პირველი,  ეს ფორმატი შეინარჩუნოს ამ გრძელვადიან ფორმატში და თუ რუსეთს უნდა ჩაშალოს ეს ფორმატი, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მაქსიმალური ზიანი მიიღოს რუსეთმა და ცალსახად მისი პასუხისმგებლობა იყოს ასეთ ნაბიჯზე წასვლა,“  – ამბობს გიგა ბოკერია.

ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის განცხადების ჩავარდნას ოპოზიციის მიერ ხელისუფლებაზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც სალომე სამადაშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, დღევანდელ კონტექსტში ასე ჩანს, რომ ხელისუფლება ამაზე სწორედ ოპოზციის ზეწოლის გამო არ წავიდა.

მისი თქმით,  რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჟენევის მოლაპარაკებები ჩამოშალოს და ის  ურთიერთობების ორმხრივ ფორმატებში გადაიყვანოს, სადაც ლავირებას უკეთ შეძლებს.  სამადაშვილი ამბობს, რომ ეს მიზანი კარასინის განცხადებაშიც გამოჩნდა.

 „ უსეთი საუბრობს ახალ სივრცეებზე, ფაქტობრივად დღეს დადასტურდა რომ პრემიერის მიმართვა იყო სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი. როცა საუბრობენ ფორმატის მაღალ რეგისტრში აწევაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც შეთანხმება უნდა იყოს გასაფორმებლად.  როგორც ჩანს, რუსეთს ჰქონდა იმედი, რომ ამ შეთანხმების მიღწევა მოხდებოდა და პრემიერის განაცხადიც მე ესე მესმის, რომ მასაც ჰქონდა განცდა, რომ იქ გარკვეული ხელშეკრულება გაფორმდებოდა, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ის განცხადება, რაც უნდა მიღებულიყო, სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი იყო, ეს პროცესი ჩაიშალა, მათ შორის, ოპოზიციის ძალიან ხმამაღალი პროტესტის შედეგად,“ –  ამბობს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმების მოწოდებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კატეგორიული უნდა იყოს, რადგან ეს ის სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს იცავს.

 

რას ფიქრობენ  ანალიტიკოსები

რეზოლუციის თაობაზე კარასინის განცხადებას, რომ საქართველოს პარლამენტმა პრემიერმინისტრის მიმართვა უარყო, ეთანხმება პოლიტოლოგი გია ნოდია და ამბობს, რომ ერთი მხრივ ეს სასიხარულო ფაქტია, თუმცა, თუ საკითხს მეორე მხრიდან შევხედავთ, ვნახავთ, რომ შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი.

„კარასინი ამ შეფასებაში ცამდე მართალია. ძალიან მიხარია, რომ პარლამენტმა უარყო კვირიკაშვილის განცხადება, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ პარტია “ქართული ოცნება” დაუპირისპირდა თავის თავმჯდომარეს, ოღონდ ამას არ იმჩნევს. ანუ, ამ პარტიაში ძაღლი პატრონს ვერ სცნობს. რამდენად უნდა მიხაროდეს, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მმართველი პარტია მყავს?“ – აღნიშნავს გია ნოდია.  

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარე, კახა გოგოლაშვილი,  ამბობს, რომ რუსეთს თავის დღის წესრიგი აქვს და ძნელია ის შეაცვლევინო.

„ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ შემოგვაპარონ არაფერი ისეთი, რაც არ შედის ჩვენს ინტერესში. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ პროვოკაციულები, მაგრამ წითელი ხაზები ძალიან კარგად უნდა ვაჩვენოთ,“ – ამბობს გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში  სირბილეც საჭიროა, თუმცა, როცა საქმე წითელ ხაზებს ეხება,  საქართველომ სიხისტე უნდა აჩვენოს.

 

 

თაკო ივანიაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g