LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟორდანიადან ჟვანიამდე – ვინ იყო ცესკოს 16 თავმჯდომარე, ვისაც არჩევნების ბედი ანდეს

260
fortuna.ge (66)

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს, 30 ივნისს  მოულოდნელად გადადგა. სულ რაღაც ცხრა დღის წინ კი აცხადებდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამბობენ, მათ სინდისიერ გადაწყვეტილებებზე ქვეყნის ბედი არის დამოკიდებულიო.

გადავწყვიტეთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ცესკოს ყველა თავმჯდომარის ვინაობა გაგვეხსენებინა.

ზოგმა მათგანმა თავი კეთილსინდისიერ თავმჯდომარედ დაგვამახსოვრა, ზოგმაც ბევრი ლანძღვა-გინება დაიმსახურა.

დამოუკიდებელ საქართველოში ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას სულ 16 თავმჯდომარე ჰყავდა.

ირაკლი ჟორდანია იყო  1990 წელს  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი თავმჯდომარე.

მისი ხელმძღვანელობით 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში.

ცესკოს ხელმძღვანელობიდან წასვლის შემდეგ მისი კარიერა არ დასრულებულა.

1990–1993 საქართველოს მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრი იყო.

1996–2002  ჰოლდინგური კომპანია „საქსამთომეტალურგის“ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

1997–2005 რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორი იყო.

2006 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2018 წელს გარდაიცვალა.

 

ცესკოს მეორე თავმჯდომარე იყო  არჩილ ჭირაქაძე, სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული 1991  წლის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები.

 

სამხედრო გადატრიალების შემდეგ შექმნილი სახელმწიფო საბჭოს ლეგიტიმაცია, 1992 წელს, ცესკო-მ მერაბ ალექსიძის ხელმძღვანელობით მოახდინა.

აკადემიკოსი ალექსიძე თავად იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი და საზოგადოება “თბილისის” ერთ-ერთი ლიდერი.  1993 წელს გარდაიცვალა.

 

1995-1996 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე იყო.

 

 

ის ჯუმბერ ლომინაძემ  შეცვალა და ამ თანამდებობაზე 1997-2003 წლებში იყო.

ცესკოს თავმჯდომარეობის შემდეგ ჯუმბერ ლომინაძე მეცნიერებას დაუბრუნდა. 2003-2006 წლებში საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. იყო აგრეთვე საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

ჯუმბერ ლომინაძე ავტორია 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიის.

2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

გარდაიცვალა 2014 წელს.

 

გიორგი ზესაშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

 

ნანა დევდარიანი 2003 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2001–2005 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ ღამის პროგრამის რედაქტორად. 2020 წლის არჩევნებზე ნანა დევდარიანი ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნეს.

მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი.

2012 წელს ორი თვის განმავლობაში ეკავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა კახეთის გუბერნატორად.

2013 წლის 21 მაისს პროკურატურამ ზურაბ ჭიაბერაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავა.

 

2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 50 ათასი ლარი ჯარიმა მიუსაჯა.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

2017 წელს მან სხვებთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაარსა ახალი პარტია „ევროპული საქართველო“.

2021 წლის 12 თებერვალს განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ.

 

დიმიტრი ქიტოშვილი  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას თავმჯდომარე 2004 წლის აპრილიდან  ივნისამდე იყო.

 

ის ზურაბ ნონიკაშვილმა შეცვალა. 2004 წლის ივნისიდან 2005 წლამდე იკავებდა.

ცესკოს თავმჯდომარე 2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე გია ქავთარაძე იყო.

2005-2007 წლებში ის საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო.

 

2006-2007 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი იყო.

 

 

2007 წლის ოქტომბრიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ღონღაძე იყო,  თანამდებობას ის ლევან თარხნიშვილის დანიშვნამდე იკავებდა.

2007-2010 წლებში ცესკოს თავმჯომარის თანამდებობა ლევან თარხნიშვილს ეკავა.

ლევან თარხნიშვილი 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩევლად. 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

2015-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

 

თამარ ჟვანიამდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა 2010 წლის 15 იანვრიდან 2013 წლის 12 აგვისტომდე ზურაბ ხარატიშვილს ეკავა.

ცესკოს თავმჯდომარეობის შემდეგ ხარატიშვილმა პოლიტიკაში აქტიური ჩართვა გადაწყვიტა. სურვილი ჰქონდა, რომ ახალი ,პოლიტიკური ცენტრი შეექმნა.

2013 წელს ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო…

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2013 წლის 11 სექტემბრიდან თამარ ჟვანია იყო. 2018 წელს ის მეორე ვადით აირჩიეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი  ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები .

„არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას“. – დაწერა თამარ ჟვანიამ სოციალურ ქსელში 2021 წლის 30 ივნისს.

ოფიციალურად თანამდებობა მან  2021 წლის 1 ივლისს დატოვა.

 

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის უმეტესობა, დაკავებული თანამდებობიდან ვადამდე ადრე გათავისუფლდა.

საქართველო ცესკოს მე-17 თავმჯდომარის მოლოდინშია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები