LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისში ჩვენს მხარდამჭერებზე თავდამსხმელ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ “ქართული ოცნების” წევრები: ბოკუჩავა

78
თინა ბოკუჩავა

“დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” წევრები.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა და თქვა, რომ მოითხოვენ, აღნიშნული მოძალადეები დაუყოვნებლივ დააკავონ.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, არსებობს თავდასხმის კადრები და ასევე არსებობს უამრავი მოწმე. მისივე თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობას აკისრებენ არა მხოლოდ უშუალო თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ “ქართული ოცნების” უმაღლესი თანამდებობის პირებს:

“დღეს დმანისში უმძიმესი ფაქტი მოხდა. სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” წევრები. კერძოდ, ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც ძალადობრივ პოლიტიკურ აქტებში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. ზურაბ ოკმელაშვილის შვილი მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში “ქართული ოცნების” სიის მესამე ნომერი. ამასთანავე დავით დაუთაშვილმა, ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა, მიხეილ დაუთაშვილის შვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს.

აღნიშნულზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალო თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ ასევე “ქართული ოცნების” უმაღლესი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი საკუთარი რიტორიკით, საკუთარი განცხადებებით, საკუთარი კამპანიით, ძალადობრივი პლაკატებით, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, ახალისებენ ამგვარ ძალადობას და შესაბამისად ისინიც პასუხისმგებელნი არიან ამ მძიმე დანაშაულზე, რომელიც დღეს მოხდა დმანისში. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებული ვართ არ აქვს კანონიერად. უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან.

ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებები “ქართული ოცნების” მხრიდან.” – განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები