აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ მისი ვაჟი დონალდ ტრამპი უმცროსი რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. დონალდ ტრამპი უმცროსი რუსეთის წარმომადგენლებს ჰილარი კლინტონის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეხვდა.
„ფეიქ მედია იუწყება, რომ მე ძალიან შეწუხებული ვარ ჩემი შესანიშნავი შვილის – დონალდის შეხვედრით. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელიც მეტოქეზე ინფორმაციის მისაღებად შედგა. ეს სრულიად კანონიერი ქმედებაა, პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ – განაცხადა ტრამპმა.
სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ვერსიით, დონალდ ტრამპი უმცროსი, მისი დის, ივანკას მეუღლე ჯარედ კუშნერი და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი 2016 წლის ზაფხულში ნიუ იორკში რუს იურისტს, ნატალია ვესელნიცკაიას შეხვდნენ.
2017 წლის ნოემბერში ვესელნიცკაიამ განაცხადა, რომ ტრამპის წარმომადგენლები მას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „მაგნიტსკის სიის“ გადახედვას სთავაზობდნენ და თავის მხრივ, უნდოდათ იმის დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი საკუთარ კამპანიას უკანონო წარმოშობის სახსრებით აფინანსებდა.