რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ბედია სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „შენი მჯერა“ პრემიერა შედგა.
სოფო, მოგვიყევი შენს კონკურსზე, რომელსაც ყოველწლიურად ატარებ.
8-დან 25 წლამდე არის ჩემი კონკურსის ასაკობრივი ჯგუფები. ძალიან კარგი ბავშვები არიან და რაც მთავარია, ქართულად მღერიან კარგად. ქართულ სიმღერას ეხება ჩემი პროექტი, ოღონდ ჟანრს არ აქვს მნიშვნელობა. კონკურსზე 50 ბავშვი იქნება. 7 ფულადი ჯილდო არსებობს, 1 გრანპრი და 6 საპრიზო ადგილი, მაგრამ ნომინაციის გარეშე არცერთი ბავშვი არ წავა, რა თქმა უნდა, ყველას გადაეცემა „ქართული ხმის“ ლაურეატის დიპლომები, თავისი ნომინაციით.
ყველაფერი ფასდება, არტისტიზმიც, კოლაბორაციაც, მუსიკალურობაც, სცენურობაც. გრანპრის, რა თქმა უნდა, ის ერთი, ყველაზე შთამბეჭდავი მონაწილე აიღებს.
გვეყოლება ოთხი არაჩვეულებრივი ჟიურის წევრი, პროფესიონალი ადამიანები.
კონკურსი 13 ივნისს, „არტ ჰოლში“ გაიმართება.
მინდა, გაიაზრონ, რას ნიშნავს არტისტის და მაყურებლის დამოკიდებულება, უკურეაქცია რომ მოდის. მე რომ „ჯეოსტარში“ ვიყავი, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო, მე რომ პირველ კონცერტზე გამოვედი და „არც მოლოდინი“ ვიმღერე და მთელი დარბაზი რომ ფეხზე იდგა… ახლაც მეტირება.

რომელიმე კონკურსანტი თუ შეასრულებს შენს სიმღერას?
ჯერ არ ყოფიფლა ასეთი შემთხვევა, მაგრამ მე გამიხარდება.
ზოგადად, ჩემი სიმღერები ზრდასრული ქალის, უკვე ნაცხოვრები ადამიანისაა, თავისი ტკივილებით, თავისი ბრძოლებით, სიხარულებით, სევდით. მე უფრო მომწონს, როცა ცოტა უფრო ღრმა სიმღერებს ვასრულებ, იქ ჩემი სულიერი ამბავი ჩანს და ალბათ, ამიტომ მომწონს, გულახდილად რომ ვუყვები რაღაცებს მსმენელს.
რომელი ჟანრია შენთვის ყველაზე კომფორტული?
დრამა. მიყვარს სიმღერები, რომელსაც ცხოვრებისეულად ჰყვები.
შენი „ჯეოსტარში“ მონაწილეობა რომ გავიხსენოთ, რამდენად ნერვიულობდი?
მე „ჯეოსტარის“ კასტინგზე რომ ვინერვიულე, ასე არასოდეს მინერვიულია, მუხლები მეკვეთებოდა… ისე მეშინოდა მარინა ბერიძის, ახლა, თუ დამაბულინგა და რაღაცა უბედურება მითრა-მეთქი, თან, რომ ვიცოდი, რომ იღებდნენ, თავმოყვარეობის ამბავი მქონდა, რამე არ შემეშალოს და საქვეყნოდ არ მათრიოს-მეთქი.
ფაქტობრივად, შეიძლება, რომ ადამიანის კარიერა დასრულდეს კიდეც, ბულინგი რომ მოჰყვეს…
კი. სხვათა შორის, სცენის შიშიც ღუპავს, ძალიან ბევრი კარგი მომღერალი ვიცი ისტორიულად, გინდა საქართველოში, გინდა მსოფლიო მასშტაბით, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს, რადგან ეშინოდათ სცენაზე გასვლის.

ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „შენი მჯერა“.
დრამატული სახის, ძალიან გულში ჩამწვდომი სიმღერაა. ბევრი ადამიანის გულს მოედება. ტექსტის ავტორი გახლავთ უნიჭიერესი ქალბატონი, თამარ უჯმაჯურიძე. სიმღერა, რა თქმა უნდა, ჩემს კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის, საუნდ ინჟინერია ცირა ბზიშვილს.
კლიპზე ნესტან სინჯიკაშვილმა და ბუდამ იმუშავეს. გადაღებები ბათუმში იყო. კლიპში არის საოცარი კადრები, ლაშა ჯოხაძის საოცარი კოსტიუმები.
ძალიან დიდი მადლობა ჩემს ქმარს, რადგან ძალიან, ძალიან მეხმარება ყოველთვის, მთელი ცხოვრება. მე მიყვარს და მიხარია, რადგან მას ჩემი ხელოვნება უყვარს და ყველანაირად ცდილობს, რომ მხარში დამიდგეს. დასაფასებელია, როცა მეორე ნახევარი მხარს უჭერს თავისი მეორე ნახევრის პროფესიას. არ არის მარტივი ამბავი, იყო ხელოვანი ადამიანის ქმარი, ცოლი კიდევ ისეთი თემაა, ცოლისთვისაც რთულია, მაგრამ ქმრისთვის უფრო, მე ასე ვფიქრობ. ქალი რომ ხელოვანია, ცოტა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ ვაშავებ, ჩემთვის ვარ და ვაკეთებ ამ საქმეს ისე, რომ არაფერს არ ვაფუჭებ… პირიქით, ვახარებ ჩემს მსმენელს.

დაგეგმილი თუ გაქვს კონცერტები?
ალბათ, საზაფხულოდ რაიმე ტურნეს დავგეგმავთ.
სოფო ბედია – შენი მჯერა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო ბედია. “პრემიერა თაკოსთან”