დუბაის დეველოპერმა Binghatti-მ და კომპანია Mercedes-Benz-მა წარმოადგინეს ახალი ერთობლივი პროექტი – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Mercedes-Benz Places, რომელიც მეიდანის რაიონში აშენდება. პროექტის ღირებულება 8,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მშენებლობის 2026 წლის 14 იანვარს დაიწყება. სიახლის შესახებ The National წერს.
კომპლექსის კონცეფცია აღწერილია როგორც „ქალაქი ქალაქში“ – მას ექნება საკუთარი სატრანსპორტო კვანძები, სავაჭრო ქუჩები, სპორტული და გასართობი ზონები, რესტორნები, პარკები და საზოგადოებრივი სივრცეები.

პროექტი რამდენიმე საცხოვრებელ კოშკს მოიცავს და თითქმის 930 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება. დეველოპერის განცხადებით, მცხოვრებლებს ყველაფერი ხელმისაწვდომი ექნებათ ფეხით სავალ მანძილზე.

ეს Mercedes-Benz-ის მეორე ბრენდირებული უძრავი ქონების პროექტია. პირველი 65 სართულიანი საცხოვრებელი კოშკი, გაყიდვების დაწყებიდან ერთ დღეში ნახევრად გაიყიდა.
დუბაის უძრავი ქონების ბაზრის ზრდას ხელს უწყობს სახელმწიფო ინიციატივები, მათ შორის პენსიონერებისა და დისტანციური მუშაკებისთვის რეზიდენტობის პროგრამები, 10 წლიანი „ოქროს ვიზის“ გაფართოება და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

საკონსულტაციო კომპანია Knight Frank-ის მონაცემებით, მესამე კვარტალში $10 მილიონზე მეტი ღირებულების საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები დუბაიში წლიურად 54%-ით გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, ელიტური საცხოვრებლის ფასები მომავალ წელს დაახლოებით 3%-ით გაიზრდება, რაც განპირობებულია მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე საერთაშორისო მყიდველების მუდმივი მოთხოვნითა და გლობალური კაპიტალის შემოდინებით.
დუბაი მესამე კვარტალში კვლავ დარჩა მსოფლიოში ყველაზე აქტიურ ბაზრად $10 მილიონზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სეგმენტში – დაფიქსირდა 103 გარიგება, რაც წლიურად 24%-იან ზრდას ნიშნავს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაახლოებით 9 800 მილიონერის გადაბარგებას ელოდება, საგადასახადო შეღავათებისა და რეგულატორული რეფორმების გამო. 2024 წელს დუბაიში დაახლოებით 81 200 მილიონერი და 20 მილიარდერი ცხოვრობდა.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz Places გახდა Binghatti-ს მესამე ბრენდირებული პროექტი დუბაიში, Bugatti Residences-ისა და Burj Binghatti Jacob & Co Residences-ის შემდეგ.
