სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
როგორც „ფორტუნას“ გოგი წულაიას ადვოკატმა განუცხადა, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„დღეს ვნახე, რამდენიმე საათით. ძალიან ცუდადაა, საგრძნობლად აქვს წონაში დაკლებული, ძალიან ცუდად მეტყველებს, ადამიანური სახე დაკარგული აქვს. მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, არ გაითვალისწინა. მე მას ახლობლებისა და ოჯახის წევრების თხოვნა გადავეცი შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.
ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობენ. მას დიაბეტი აქვს და გაკეთებული აქვს გულის შუნტირების ოპერაცია ოთხი თუ ხუთი თვის წინ. მისი ჯანმრთელობა საშიშ მდგომარეობაშია. ყოველ წუთას შეიძლება, კომაში ჩავარდეს“. – ამბობს ადვოკატი „ფორტუნასთან“ საუბარში.
როგორც ადვოკატი ამბობს, გოგი წულაიამ შიმშილობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ფიქრობს, პოლიტიკური პატიმარია და მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ხელოვნურად ჩასვევს გისოსებში.
ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.
ამავე თემაზე:
გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა