11 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
– ქეთი, ერთი თვის წინ კონცერტების სერიით აღინიშნა ფრანკო ძეფირელის 100 წლის იუბილე იტალიაში, რომელშიც თქვენც მიიღეთ მონაწილეობა. რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი გამოსვლით?
– მართლაც საოცარი პომპეზურობით აღინიშნა ძეფირელის იუბილე იტალიაში და განსაკუთრებით ვერონაში. ჩვენ „აიდა“ შევთავაზეთ პუბლიკას, რომელშიც ამნერისის პარტია შევასრულე. ძალიან მიხარია, რომ 20-წლიანი კარიერის შემდეგ საბოლოოდ მაინც შევძელი მეცო-სოპრანოს ურთულესი პარტიის შესრულება. სხვათა შორის, სწორედ „აიდას“ და ამნერისის წყალობით გადავწყვიტე მომღერლობა. ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდით ოპერას. რა თქმა უნდა, ყველა დადგმა მიყვარდა, თუმცა შესვენებაზე ბუფეტი შესვლა, რიგში ჩადგომა და წვენის დალევა უფრო მომწონდა. შეიძლება სირცხვილია, მაგრამ ვაღიარებ, რომ ბავშვობაში სწორედ ბუფეტი იყო ოპერაში წასვლის მთავარი მოტივაცია, დღეს კი, მუსიკაა ჩემი ცხოვრება და მადლიერი ვარ, რომ სანატრელი პარტიის შესრულების შესაძლებლობა მომეცა.

– რომელ დადგმაში ისურვებდით მონაწილეობას, გაქვთ თუ არა სანატრელი როლი, რომელიც ჯერ არ შეგისრულებიათ?
– სანატრელი როლები ნაკლებად მაქვს, რადგან ნებისმიერ პარტიას პასუხისმგებლობით ვეკიდები და მხოლოდ მაშინ ვასრულებ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ იდეალურად შევძლებ მისი მორგებას.

– ახლა სად მოღვაწეობთ?
– ბარსელონაში ვცხოვრობ, თუმცა ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. ყოველთვის მიხარია სახლში დაბრუნება და მონატრებული ადამიანების ნახვა. რა თქმა უნდა ინტენსიურად ვურთიერთობთ სოციალური ქსელით, მაგრამ სულ სხვაა, როცა დიდი ხნის უნახავ ახლობლებს ჩაეხუტები და მოეფერები. ძალიან უყვართ თბილისში ჩამოსვლა ჩემს შვილებსაც, განსაკუთრებით ლუკას, რომელიც ვენაში დაიბადა, ბარსელონაში იზრდება, მაგრამ მაინც საქართველოს თვლის საკუთარ სამშობლოდ.

– რას საქმიანობენ თქვენი ოჯახის წევრები და რამდენად ინტერესდებიან ბავშვები ოპერით?
– მეუღლე პროფესორია და ბარსელონას უნივერსიტეტში მუშაობს. მართალია, მისი საქმიანობა შორსაა ხელოვნებისგან, მაგრამ მაინც ძალიან უყვარს მუსიკა. ლუკა 11 წლისაა, ანა კი, პანდემიის დროს დაიბადა.

– როგორ ახერხებთ იდეალური ფორმის შენარჩუნებას?
– არასდროს ვიზღუდები დიეტებით, ყოველთვის იმას მივირთმევ, რაც მინდა, თუმცა აუცილებლად ჯანსაღად ვიკვებები და ვცდილობ 7 საათის შემდეგ ნაკლებად დავტვირთო ორგანიზმი საკვებით.
– ხმის პრობლემა თუ შეგქმნიათ სპექტაკლის დაწყების წინ?
– საბედნიეროდ, მსგავსი პრობლემა არასდროს მქონია, თუმცა კურიოზი ბევრი ყოფილა. ერთ-ერთი დადგმის დროს, უხერხული მოძრაობა გავაკეთე და კოსტიუმი გავხიე, თუმცა არ შევიმჩნიე და თამამად გავაგრძელე გამოსვლა, იყო შემთხვევა, როცა პარიკით გამოვედე პარტნიორს, თუმცა არც მაშინ გავიტეხე იხტიბარი და სიმღერა გავაგრძელე.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული რიტუალი სცენაზე გასვლის წინ?
– აუცილებლად პირჯვარს ვიწერ, რითაც ძალიან ვაკვირვებ ჩემს ევროპელ მეგობრებს.
– უარი თუ გითქვამთ შეთავაზებაზე, რაც მერე ძალიან ინანეთ?
– არა, რადგან ყოველთვის ვაცნობიერებ საკუთარ შესაძლებლობებს და უაზროდ არასდროს ვრისკავ. რა თქმა უნდა, რთული როლებიც მრავლად შევასრულე, თუმცა ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ახლა ესპანეთში მივემგზავრები, მერე კი, სეზონს გავხსნი მაჩერატას ფესტივალზე, სადაც „კარმენის“ დადგმაში შევასრულებ მთავარ პარტიას. სხვათა შორის, ფესტივალს კიდევ ერთი ქართველი სტუმარი – ნინო მაჩაიძე ეყოლება, რომელიც „ტრავიატაში“ მიიღებს მონაწილეობას.