ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღეს დაგეგმილი მეუფეების შესვლა გადაიდო, – ამის შესახებ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მამა გიორგის მონახულებას დღეს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) ვეღარ ახერხებს, რის გამოც მეუფეების შესვლა საპყრობილეში დღეს არ შედგება. დეკანოზის განმარტებით, მამა გიორგისთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება და დრო დაზუსტდება.
ამასთან, საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვები ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) უკვე აიღეს, რომელსაც 10-დღიანი მოქმედების ვადა აქვს.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ 11 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს საპატიმროში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს. სამდივნო ამით 10 ივლისს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატმა ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გაახმოვანა.
ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან მეუფე პეტრემ, მეუფე ანდრიამ, მეუფე დიმიტრიმ, მეუფე გრიგოლმა, მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე საბამ მოინახულეს.