შოტლანდიის დედაქალაქი ქვეყნის პირველი ქალაქი გახდა, სადაც ტურისტული მოსაკრებელი (Visitor Levy) ოფიციალურად შევიდა ძალაში – 5%-იანი მოსაკრებელი ვრცელდება განთავსების ყველა ტიპზე – სასტუმროებზე, საოჯახო სასტუმროებზე (B&B), ჰოსტელებსა და ბინების იჯარის სერვისებზე (მათ შორის Airbnb-ზე).
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ედინბურგის საქალაქო საბჭომ 2025 წლის იანვარში დაამტკიცა. ქალაქის ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ყოველწლიურად, დაახლოებით, 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის (58 მილიონი ევრო) შემოსავალს მოელის, რაც სრულად მოხმარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი სერვისებისა და ტურისტული ნაკადების მართვის გაუმჯობესებას.
ცნობისთვის, ტურისტული გადასახადი ეხება 2026 წლის 24 ივლისის შემდეგ დაგეგმილ ვიზიტებს (მათ შორის იმ წინასწარ ჯავშნებს, რომლებიც 2025 წლის 1 ოქტომბრიდან გაფორმდა). მოსაკრებლით იბეგრება ზედიზედ მაქსიმუმ ხუთი ღამე. განაკვეთი უცვლელია წლის ნებისმიერ სეზონზე.
