პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის „სამკურნალოდ უკრაინაში უნდა გაუშვან“.
ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ კობახიძე „საქართველოს რუსული დღის წესრიგით მიადგა და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა“.
„ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს.
პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა!
საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება ქვეყანას რომ არ მტრობდეს.
ნაზი, აკანკალებული ხმით რომ აბედნიერებს ტელე იმედის წამყვანებს, მე კი სულ ის კადრი მიდგას თვალწინ – ბოდიში რომ მოახდევინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის თანდასწრებით და მორჩილად თავდახრილი იჯდა..
აი, როგორ შეიძლება კობახიძის ნათქვამზე ან გაბრაზდე, ან გეწყინოს… უნდა შემოწმდეს, რომ სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია. მისივე თქმით, რამდენიმე აგენტი მათ პარტიაშიც იყო და ამ კონტექსტში ისაუბრა ეკა ბესელიასა და გია ხუხაშვილზე.
„ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები…მძიმედ დაგვაზიანეს” – ირაკლი კობახიძე
გია ხუხაშვილი: „ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი“