LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

79
1545895191_beselia-1

დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების და უკვე უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ დეპუტატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი ინიციატივა წარადგინა.

ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. მისივე თქმით, ცვლილება კონსტიტუციის 61-ე მუხლს შეეხება, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესს არეგულირებს, ასევე, 63-ე მუხლს, რომელიც საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესს ეხება. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარალელურ რეჟიმში, როგორც ეკა ბესელია ამბობს, შეგროვდება მოქალაქეთა ხელმოწერებიც.

„ჩვენ ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა არჩევის წესის გადახედვასა და უვადოდ გამწესების შეჩერებას გულისხმობდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იმ საბაბით, რომ თითქოს ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა – ეს იყო საბაბი და არა მიზეზი. ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს არის თუ არა პარლამენტი მზად მოსახლეობის და საზოგადოების დიდ ნაწილს შეეხმიანოს და მათი განწყობის დიდ ნაწილს უპასუხოს, დავიწყოთ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას გულისხმობს. ეს შექმნის გარანტიას, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, არ შეიქმნება გარანტიები, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობით აღჭურვილი იუსტიციის საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი არ დადგება დღის წესრიგში.

შემდეგი კვირიდან პოლიტიკურ ჯგუფებთან ვიწყებ კონსულტაციებს, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება 76 დეპუტატის ხმა საქართველოს პარლამენტში, რათა კონსტიტუციური ცვლილება იყოს დარეგისტრირებული ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. ჩვენ ორივე გზას დავადგებით, კონსულტაციების მიზანი იქნება შეგროვდეს პარლამენტში სიითი უმრავლესობა, ვინც ამ ინიციატივას მოაწერს ხელს და გამოჩნდება იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ამბობდა კონსტიტუციური ცვლილება სჭირდებოდა ამ ცვლილებასო, ანუ გამოჩნდება ვინ რეალურად უჭერს იდეას მხარს და ვინ არა. პარალელურ რეჟიმში იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს პროცესი, ჩვენ შევაგროვებთ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები