ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ს ანგარიშზე ფულს ურიცხავს, 100 ლარს და გადარიცხვის ქვითართან ერთად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე:
„ბევრის დაწერა შეიძლება. არ არის ჩემთვის ასე ცალსახად ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ხდებოდა. მით უფრო, რომ ბევრის მოწმე მეც ვიყავი და ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანს უსამართლოდ მოექცნენ. არ არის ეს ჩემი გასარჩევი. მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ თემებზე.
ვნანობ ბევრ რამეს. ვნანობ, თავის დროზე „იბერიას“ რომ გვერდში არ დავუდექით ჟურნალისტები, „მაესტროს“ აფეთქებებს გულგრილად რომ ვატარებდით (დღემდე არ არის გამოძიებული), დასანანია, რომ „იმედსაც“ თავის დროზე ბევრი არ დაუდგა გვერდში და წლების განმავლობაში პატარკაციშვილების ოჯახს ის ჩამორთმეული ჰქონდა და ვითომ არაფერი, გრძელდებოდა ცხოვრება…
ამიტომ მთავარი: ყოველთვის ვეცადოთ, დავუდგეთ გვერდში ჟურნალისტებს, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის პირობები, იმის მიუხედავად, მოსწონს ვინმეს მათი რეპორტაჟები თუ არა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩემი, როგორც ჟურნალისტის მხარდაჭერა, კოლეგებს „რუსთავი 2“-დან“.

