LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ლალიაშვილი: „საქართველოში 5 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 3%-ია, მანქანების 50%-ზე მეტი 20 წელს გადაცილებულია… ავტოპარკის გაახალგაზრდავება მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი მიდგომაა საჭირო, ერთი კანონპროექტი სურათს ვერ შეცვლის“

155
ეკა ლალიაშვილი

„ავტოპარკის გაახალგაზრდავება და გაახლება მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი მომენტი და სწორი საკანონმდებლო პაკეტია შესამუშავებელი. ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონპროექტი სურათს დიდად ვერ შეცვლის“, – ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმად, საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

როგორც ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, აღნიშნულ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა, ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ავტოპარკი არის მოძველებული. დაახლოებით 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული ავტომობილი. ხუთ წლამდე ავტომობილების ოდენობა დაახლოებით 3%-ია ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ავტოპარკის გაახალგაზრდავება და გაახლება, თუმცა სწორი მომენტი და სწორი საკანონმდებლო პაკეტია შესამუშავებელი და გასააზრებელი. ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონპროექტი სურათს დიდად ვერ შეცვლის, მაგრამ ამ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში.

იმედია, რომ ეს კანონი ძალაში ცოტა სახეშეცვლილად შევა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შესაძლოა 6 – წლამდე ავტომობილები შემოვიდეს ქვეყანაში, თუმცა ბიზნესი, რომელიც ამას აკეთებს, გადაერთოს და ნაავარიები მანქანები შემოიყვანოს, რაც იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სავალალო შედეგის მომტანი. მანქანები, რომლებიც ვეღარ დააკმაყოფილებს ვერცერთ უსაფრთხოების ზომას, მაგალითად, საჰაერო ბალიშები შეიძლება არ ჰქონდეს ან ისეთი პარამეტრები ჰქონდეს დარღვეული, რომ ავტოავარიის დროს მაღალი მსხვერპლი გამოიწვიოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისურვებდი, რომ ამ ტიპის კანონები სანამ შევა ძალაში, იყოს ყველა მხრიდან გააზრებული“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ეკა ლალიაშვილმა ასევე ისაუბრა გასული წლის საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც და თქვა, რომ აღნიშნული მონაცემი 2%-ით არის გაზრდილი.

„გასული წლის სტატისტიკა გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. საგზაო შემთხვევები გაიზარდა 2%-ით, თუმცა საგულისხმო, რომ 6%-ით არის გაზრდილი ლეტალობა და 8%-ით დაზიანებულთა ოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საგზაო შემთხვევები იზრდება, თუმცა მეტად იზრდება დაზარალებულთა რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო შემთხვევა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. ყოველი მესამე დაღუპული არის ფეხით მოსიარულე. შარშან, 17 – წლამდე 27 მოზარდი დაიღუპა. რაც შეეხება მცირეწლოვან მგზავრებს, შარშან იყო 7 დაღუპული“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

შალვა პაპუაშვილი 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე: ეს კრიტიკა ისმოდა მაშინაც, როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მკაცრი რეგულაცია მოხდა

magti 5g