15 იანვარს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ლექციის ჩასატარებლად ყვარლის ევროატლანტიკურ ცენტრში არ შეუშვეს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ეხმიანება.
როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლექციის არჩატარება ნიშნავს, რომ ხალხს არ უნდა იმ აზრების მოსმენა, რომელიც, შესაძლოა, ლევან ბერძენიშვილმა ლექციის დროს განიხილოს:
„ლექციის არჩატარება ნიშნავს იმას, რომ ხალხს იმ აზრების მოსმენა არ სურს, რაც ლევან ბერძენიშვილმა შესაძლოა ლექციისას განიხილოს, თუ ხალხს ამის მოსმენა არ სურს, თავისთავად ცხადია, ასეთი ლექცია არ უნდა წაიკითხოს, როგორ წარმოგიდგენიათ, რაღაც არ გაინტერესებთ და გეუბნებით – „გინდა თუ არა, უნდა მომისმინო“.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთის და იმ პიროვნებების შესახებ, რომელიც მთელი საქართველოსთვის და, განსაკუთრებულად, ამ კუთხის ხალხისთვის სიამაყის საფუძველია.
ქართული კულტურის და ისტორიის შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ეს არის იმის გამოხატულება, რომ მის ამ პოზიციას აპროტესტებენ. რა თქმა უნდა, ფიზიკურ დაპირისპირებამდე და ისეთ აგრესიამდე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, საქმე არ უნდა მივიდეს, ამას, რა თქმა უნდა, არ ვემხრობით, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებს უფლება აქვთ, რომ საქართველოს კულტურის და ისტორიისადმი უპატივცემულობის გამოხატვის გამო, საკუთარი პროტესტი გამოხატონ. აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლება ადგილობრივ მცხოვრებლებსაც აქვთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
„უსაფუძვლო კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართ“ – გიორგი კახიანი ლევან ბერძენიშვილის საქმეზე
შეგახსენებთ, 15 იანვარს ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ყვარლის ევროატლანტიკურ ცენტრში ლექცია უნდა ჩაეტარებინა, ცენტრთან არ მიუშვეს.