LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: მხოლოდ დევნილთა დასახლებების და ნინოწმინდის არსებობაა საკმარისი, რომ ყველას მაგრად გვრცხვენოდეს

80
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დევნილთა დასახლება „ქართლში“ მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, დევნილების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

„სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, ჭუბერთან დაკავშირებით ბევრი ცრემლი და შესმული სადღეგრძელო მქონდა უკვე ნანახი, როცა 2016 წლიდან დავიწყე დევნილებთან მჭიდრო ურთიერთობა.

ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ქვებით. შევედი უდანგრეულეს შენობაში ვაკეში და ფაქტიურად ქვებით გამომეკიდენ. ზუგდიდში, წყნეთში დავდიოდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არაფერი ვიცით ამ ხალხის ყოფაზე და არანაირ რეალურ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობთ ამ ხალხის წინაშე. და მალევე მივხვდი, რომ დიახ გასაგებია ეს ნასროლი ქვები.

ტყუილი, გულგრილობა და უიმედობა არის მათი ცხოვრება. ბევრს არ აქვს წარმოდგენა რა არის ადამიანისთვის, რომელიც ავადაა, ან ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს ან ბავშვები ახალი გაჩენილი, ან არც არაფერი უბრალოდ ცხოვრობს და საპირფარეშო 10-15 ოჯახთან უნდა გაიყოს.

როცა კედლებზე ამოდის სოკო, რომელიც შენ შვილს წამლავს და მთელ სამეზობლოს ერთნაირი დაავადება აქვს. როცა ბავშვები უმოაჯირო სართულებზე დარბიან და გული გისკდება, როდის რა მოუვათ. როცა კანალიზაციის მილი პირდაპირ დერეფანში წვეთავს.

ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, უბედური შემთხვევაა – მინისტრი სანატორიუმ “ქართლში” მამაკაცის გარდაცვალებაზე

როცა 12 კვადრატულში 5-6 ადამიანი ცხოვრობს. როცა კედლიდან ქარი უბერავს. როცა სპეციალური დანადგარი უნდა მოიგონო, ძაბრზე მიმაგრებული დახრილი პარკი, რომ ოთახში შემომავალი წვიმა ცოტა შორს წაიღო.

აი ამაში ცხოვრობ და მოდის არჩევნები და მოდიან გაპიწკინებულები დიდი ამალით, ბლოკნოტებით, თავს აქნევენ „დედა, დედა, აქ როგორ შეიძლება ცხოვრება.“ მეტი დამაჯერებლობისთვის თანაშემწეს მკაცრად აწერინებენ რა უნდა ქნას. გეხუტებიან, გეტმასნებიან, ფოტოს იღებენ და მიდიან.

მერე რთავ ტელევიზორს და ამ ხალხს უყურებ, რომ ტელევიზორში სულ სხვა რამეებზე დუჟმორეულები ჩხუბობენ. ეჯიბრებიან სიტყვამოსწრებულ ლანძღვაში, ცინიკურად ისვრიან სიტყვებს, მერე შენი გადასახადისგან ნაყიდ ჯიპში სხდებიან და ქრებიან. ასე მიდის მათი ცხოვრება და ილევა.

ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა? თუ ბინების სამართლიანი გადანაწილების ვალდებულება დევნილებზეა და არა სახელმწიფოზე?

მხოლოდ ამ დასახლებების და ნინოწმინდის არსებობაა საკმარისი, რომ ყველას მაგრად გვრცხვენოდეს. ოღონდ ეს სირცხვილის გრძნობა თუ მოქმედებაში არ გადაიზარდა, არ ვიქნებით სოლიდარულები ამ ხალხის, დაგვეზარება აქცია, ან აქციის გარეშე მისვლა, ამ თემაზე ლაპარაკი თუნდაც, ეგ სირცხვილის გრძნობა გაცვდება და ვეღარც ვიგრძნობთ.“- წერს პოლიტიკოსი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ ტრაგედია გუშინ მოხდა – დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. უწყების ინფორმაციით, ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

არც მინისტრი შეხვდა დევნილებს და არც პრემიერ-მინისტრი – ფეხებზე დაიკიდეს მათი პრობლემა: ნიკა გვარამია

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით: გიორგი ვაშაძე დევნილთა დასახლებაში მომხდარზე

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ „ქართლის“ დევნილების საკითხი: ელენე ხოშტარია

 

 

mazda magti 5g