BMW M-ის ინჟინრები პირველი სრულად ელექტრული M-სერიის სპორტული ავტომობილისთვის უნიკალურ ხმოვან სისტემას ქმნიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალი iM3-ის ხმა არც ერთი არსებული შიდა წვის ძრავის პირდაპირი ასლი არ იქნება.
ახალი აუდიო ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტებმა სამი სხვადასხვა თაობისა და კონფიგურაციის სპორტული მოდელის ძრავის ხმა შეისწავლეს: BMW M4 GTS (F82), BMW M3 GTS (E92) და BMW M6 (E64). ინჟინრებმა გააანალიზეს ექვს, რვა და ათცილინდრიანი ძრავების აკუსტიკა, რათა დაედგინათ, თუ რა ელემენტები იწვევს მძღოლებში ყველაზე ძლიერ ემოციურ რეაქციას.
BMW-ის განმარტებით, მიზანი ძრავის ხმის უბრალო კოპირება არ არის. ახალი ელექტრომობილი მიიღებს სპეციალურად მისთვის შექმნილ ხმოვან გაფორმებას, რომელიც კლასიკური M-მოდელების ხასიათს თანამედროვე ელექტრული ტექნოლოგიების სპეციფიკურ ჟღერადობას გააერთიანებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ელექტრომობილი არ უნდა ჰგავდეს „სტომატოლოგის ბურღს“ და სწორედ ამიტომ iM3-ისთვის სრულიად ახალი, მაგრამ ამავე დროს ავთენტიკური და ემოციური ხმა იქმნება.
მოსალოდნელია, რომ BMW iM3 ახალი თაობის ელექტრულ პლატფორმაზე აშენდება და გერმანული ბრენდის ისტორიაში პირველი სრულფასოვანი ელექტრული M-სედანი გახდება.