LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – სალომე ზურაბიშვილი

215
ing (1)

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი – ჩვენ ეს შევძელით! 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რეალურად, არაფერი კონტროლდება და არავის პასუხისმგებლობა ვლინდება“.

„ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების კრავს სანდო კასკადს, ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში და სანაცვლოდ დოვლათს ინაწილებენ.

ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებითვე, „2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც რუსული კანონის ინიცირებაში აისახა“.

„ ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა.

დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არამხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც. ეს ყოველივე კი, მაშინ ხდება, როცა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს.

მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა. ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. ერთპარტიული სისტემა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდგომ, მიუხედავად 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობისა, დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვებიან – ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებას და გამყარებას, რასაც პარტიის შიდა დემოკრატიას, თუ როტაციის პრინციპს არქმევენ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დეპუტატებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები