ყველასთვის ცნობილია, რომ ემინემის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილი, ჰეილი ჯეიდი, რეპერის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია. ამის შესახებ, მისი სიმღერებიდანაც გვსმენია.
მას არაერთხელ აღუნიშნავს, ,,ჰეილი ერთადერთი, რაც გამაჩნია”.
საკულტო ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა, გოგონასადმი სიყვარული ახალი დისკის ერთ-ერთ სიმღერაშიც გამოხატა. მან დასძინა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, Temporary ჰეილისთვის, ამ დიდი გრძნობის მოსაგონარი იქნება. ტრეკი Skyler Grey-ისთან დუეტია.
აღსანიშნავია, რომ ახლახან, მოულოდნელად, ემინემმა კომპოზიციის კლიპი გამოუშვა.
ემოციური სიმღერა და ვიდეო, მამისა და ქალიშვილის ურთიერთობას აღწერს. მუსიკალური რგოლი ჰეილის პატარაობის კადრებით იწყება, მისი გათხოვებით გრძელდება და სიურპრიზით სრულდება.
ერთ-ერთ კადრში, 29 წლის ჰეილი 51 წლის მამას, ახალ ამბავს აცნობს. გულისამაჩუყებელი სცენიდან ირკვევა, რომ მალე, ემინემი ბაბუა გახდება.
შეგახსენებთ, რომ ჰეილი ჯეიდი ემინემს, კიმბერლი სკოტისგან ჰყავს. გოგონას ბავშვობის ამსახველი კადრები რეპერმა პირველად 2005 წელს, ჰიტის – Mockingbird კლიპში გამოიყენა. ემინემს ასევე, ორი შვილობილი ჰყავს.