“ქართული ოცნების” წევრი, ენზელ მოკიანი შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს. ადვოკატის მტკიცებით, მოქმედ დეპუტატს უცნობი პირები მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ასევე, უფლებადამცველის განცხადებით, მკოიანის მიმართ ფულის – 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
თავად მკოიანს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
„ენზელ მკოიანმა მთხოვა მისი სახელით გამეკეთებინა განცხადება. საქმე ეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს… პირველი ფაქტი 2020 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა, მას მისსავე მობილურ ტელეფონზე მესენჯერის საშუალებით დაურეკეს, იქიდან მოსაუბრე პიროვნება მას ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, კავკასიური აქცენტით, რომელმაც განუცხადა,რომ ჩამოცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. რამდენიმე დღის შემდეგ, 24 ივლისს, საღამო საათებში მეორე ზარი, უკვე „ვოცაფის“ მეშვეობით განხორციელდა, პიროვნება ისევ რუსულ ენაზე საუბრობდა. მკოიანს მიაჩნია, რომ შემოსული ზარი ინდექსის მიხედვით მოსკოვიდან იყო. მას ისევ რუსულად და კავკასიური აქცენტით ესაუბრებოდნენ, ისინი გადავიდნენ ფულის გამოძალვაზე. მიმართვა იყო ასეთი – „ეი ოლიგარქ, ბიზნესში რომ ხარ, რატომ არ იხდი ფულს, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადოო“. მათ მკოიანმა ჰკითხა, თქვენ ვინ ხართ, ან რომ არ გადაგიხადოთ, რას იზამთო. იქიდან წამოვიდა მუქარა, ორი პიროვნება ესაუბრებოდა მას. ერთი ეუბნებოდა, 15 წელი ციხეში ვიჯექი, ახალი გამოსული ვარ და თუ ჩვენს მიერ მოწოდებულ ანგარიშის ნომრებზე მითითებულ ქვეყნებში 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავ, ჩვენ მოგკლავთ და კიდევ 20 წლით წავალთ ციხეშიო… როგორც ბანტონი ენზელი ამბობს, ორივე საუბრობდა კრიმინალისთვის დამახასიათებელი ჟარგონებით. ამან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეშფოთება და შეშინება გამოიწვია.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მის მიმართ დღისით განხორციელდა თავდასხმა მოკვლის მიზნით, მას 3-ჯერ ესროლეს დამიზნებით, ის პოლიციელების ჩართვით გადარჩა, მან საკუთარი თვალით შეხედა სიკვდილს. თვეების განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მას ადანაშაულებდნენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.ეს ადამიანი, მისი ოჯახი დასტრესილია, მისი მეუღლე წამლებს სვამს და ახლა ეს მუქარის ფაქტიც დაემატა. წარმოიდგინეთ, პირველ შემთხვევაში, მას ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, მეორე შემთხვევაში -სიცოცხლის წართმევით ემუქრებიან“, – აცხადებს ტარიელ მურმანიშვილი.
მისივე განმარტებით, რადგან ენზელ მკოიანი მოქმედი პარლამენტარია და სურთ, რომ მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის საქმე გენერალურმა პროკურორმა გამოიძიოს. როგორც თავად ამბობს, 30 ივლისს მიმართეს კიდეც გენერალურ პროკურატურას, მაგრამ საქმე სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ განყოფილებას გადაეცა. ენზელ მკოიანი უკვე გამოიკიხთა. საქმე გამოძალვის მუხლითაა აღძრული.
უფლებადამცველის განცხადებით, მკოიანი შეშინებულია და ამერიკის ელჩთან შეხვედრა სურს. ის ყველა საელჩოს მოუწოდებს, რომ მისი უფლებები დაიცვან. ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დახმარებას ითხოვს.