LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: რის გამო ივლის ნუკი კოშკელიშვილი ორ კვირაში ერთხელ საქართველოსა და ამერიკას შორის: „ნიჭიერის“ პირველ ჩაწერაზე ჩემი მეუღლის ნაჩუქარი კაბა ჩავიცვი…“

1119
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკიდან საქართველოში სპეციალურად „ნიჭიერის“ წასაყვანად ჩამოვიდა. შოუს მე-11 სეზონი მაისიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა. ჩაწერები უკვე დაწყებულია და პერიოდულად „ნიჭიერის“ კულისებიდან საინტერესო ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც ნუკი თანაწამყვან თაკო ჩორგოლაშვილთან და პროექტის მონაწილეებთან ერთად ხალისობს და ენერგიულად ცეკვავს.

fortuna.ge-მ ნუკი ექსკლუზიურად ჩაწერა.

ნუკი, სპეციალურად „ნიჭიერისთვის“ ჩამოსულხარ საქართველოში…

ჩემთვის „ნიჭიერი“ ყველაზე საყვარელი პროექტია, ამიტომ ჩამოვედი სპეციალურად მისთვის და ორ კვირაში ერთხელ ვივლი ამერიკა-საქართველოს შორის. ვერ გამოვტოვებ „ნიჭიერს“. ეს შოუ ამად ღირს. აქ იმდენი რამ ხდება… თან, როცა მითხრეს, რომ ამ შოუს ისტორიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მას ორი ქალი წამყვანი ეყოლებოდა, კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი. მე და თაკო ჩორგოლაშვილი ერთად გავუძღვებით „ნიჭიერს“. ეს განსაკუთრებულად საინტერესო გამოწვევა იყო და უარს ვერ ვიტყოდი, მით უმეტეს, რომ თაკოსთან მუშაობა არის ერთი დიდი სიამოვნება. დადებითი, ლამაზი, ჭკვიანი ადამიანია. ჩვენ ბევრჯერ გვიმუშავია ერთად და თავიდანაც ფეხი სატელევიზიო სივრცეში ერთად ავიდგით. ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნიჭიერი“ იყო ის პროექტი, რომლის წაყვანაც ერთად გვინდოდა… ისე მოხდა, რომ ეს სურვილი აგვიხდა…

რით არის შენთვის გამორჩეული „ნიჭიერის“ წაყვანა?

გარდა იმისა, რომ ეს არის განსაკუთრებული შოუ, ყველა მის მონაწილეს ეცვლება ცხოვრება. მათ სამომავლოდ დიდი საშუალებები ეძლევათ. არ მინახავს „ნიჭიერის“ მონაწილე, რომლის ცხოვრებაც პროექტის შემდეგ დადებითად არ შეიცვალა. მათ ნიჭს გამოვლენის შესაძლებლობა სწორედ ამ პროექტში ეძლევა. ტალანტს მილიონობით ადამიანი იზიარებს. შეიძლება, ვერ გაიმარჯვოს, რადგან გამარჯვებული ერთია, მაგრამ აზრები ყოველთვის იყოფა, ვიღაცას ერთი მონაწილე უფრო მოსწონს, სხვას – მეორე. რომ გადახედოთ ჩვენს ესტრადას, იქ ბევრ მომღერალს იპოვით, ვინც საზოგადოებამ „ნიჭიერიდან“ გაიცნო.

ახლა რით იქნება განსაკუთრებული?

ყოველთვის მეგონა, მეტი რაღა უნდა გვაჩვენონ-მეთქი – გვიმღერეს, გვიცეკვეს, მაგრამ წელს „ნიჭიერში“ ისეთი შემადგენლობა ვნახე, არასდროს რომ არ მინახავს. წელს მარტო სიმღერა და ცეკვა კი არა, ისეთ რაღაცებს ნახავთ, ნამდვილად გაოცებულები დარჩებით. ვფიქრობ, ეს საუკეთესო სეზონი იქნება.

მხოლოდ ქართველი მონაწილეები იქნებიან?

არა, მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსულები, საოცარი ნიჭის მქონე ადამიანები. ეს ნამდვილად არის ყველაზე სახალხო შოუ.

ნუკი, შენს ამერიკულ ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. რა ხდება იქით?

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ახლახან ვიყავი მშობელთა კრებაზე და სკოლაში ვთქვი, იქით კვირას ჩემი ქმარი ატარებს ბავშვს-მეთქი. მკითხეს მიზეზი და ვუთხარი, რომ საქართველოში მოვდიოდი „ნიჭიერის“ წასაყვანად. რაო? რას ლაპარაკობო? ამ შოუს სახელი რომ ვახსენე, გაუხარდათ და გაუკვირდათ… მთელი სკოლა ელოდება ქართულ „ნიჭიერს“.

შენი შვილი თუ უყურებს ამ შოუს?

ჩემი შვილი უყურებს ხოლმე და ირჩევს, ვის უგულშემატკივროს. წინა სეზონზე ტრაქტორისტს გულშემატკივრობდა ძალიან და ზუსტად მან გაიმარჯვა. სხვათა შორის, მაშინ ბევრს ეგონა, რომ ტრაქტორისტი ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ ასე მოხდა – რადგან „ნიჭიერი“ სახალხო პროექტია და საზოგადოება ირჩევს გამარჯვებულს. თქვენს ხელშია ყველაფერი, თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ვინ მოიგებს ამ შოუს.

ნუკი, ბევრი ქართველი ტელესახე წავიდა საზღვარგარეთ, იქ ცხოვრობს და ჩამოშორდა ტელეეკრანსაც და თავის საქმიანობასაც. შენ კი, მართალია, აშშ-ში ცხოვრობ, მაგრამ საქართველოში აქტუალურობას სულ ინარჩუნებ. გაგვიმხილე, ამას როგორ ახერხებ?

არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მაყურებელს, რომელსაც იმედი მაქვს, უხარია ჩემი ტელეეკრანზე დანახვა.

შენ ამისთვის არაფერს აკეთებ?

ვუღიმი პროდიუსერებს… (იცინის).

ვიდეოები შენი სოციალური ქსელიდან ყოველდღიურად ვრცელდება. ხალხი უყურებს შენს ცხოვრებას…

შეიძლება, ამის დამსახურებაცაა, მაგრამ მგონია, ყველაფერი ხალხის ნებაა. როცა გრძნობ ამ სითბოს, როცა ვიღაცას მოსწონს შენი დანახვა, უფრო აქტუალური ხდები…

პოპულარობას თან ახლავს პოზიტიური და ნეგატიური შეფასებები და კომენტარები, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოში. მიეჩვიე უარყოფით კომენტარებს, თუ მაინც გტკენს გულს?

მე გავიაზრე და მივხვდი, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. მეც არ მომწონს ყველაფერი, შეიძლება გავიფიქრო, საჯაროდ კი მას არ გავაგებინებ. მივხვდი, რომ ადამიანი და გუნებაა. ვიღაც მიიჩნევს, რომ შენთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანს უხეშად უნდა მიმართო. პოპულარობის გზას ეს თან სდევს და უნდა შეეგუო, სხვანაირად არ გამოვა. ვხვდები, რომ ძალიან ხშირად კომენტარის ავტორებისთვის არავინ ვარ – მხოლოდ ტელევიზორში მყოფი ადამიანი. ალბათ, მათ ჰგონიათ, რომ ეს კომენტარები ჩემამდე არ მოვა, მაგრამ წამიკითხავს, ძალიან მწყენია და მიტირია კიდეც, ასჯერ მომხვედრია გულზე. მაინც არ მგონია, რომ ისინი ცუდი განზრახვით წერენ ამ კომენტარებს… ვცდილობ, ასე ვიფიქრო.

„ნიჭიერში“ რამდენიმე შენი იმიჯი ვნახე, საკმაოდ სექსუალური და საინტერესო. ვინ ზრუნავს შენს ჩაცმულობაზე?

სექსუალური და საინტერესო? (ფიქრობს) მაინცდამაინც კარგი ჩაცმულობით არ გამოვირჩევი და ალბათ, გამაკრიტიკებენ ამაზეც. პირველ გადაცემაში ჩავიცვი კაბა, რომელიც ჩემმა ქმარმა მიყიდა. შავი ფერისაა, ძალიან მოსწონს ჩემს ქმარს და რადგან აქ არაა, ჩავიცვი.

ბენმა როგორ მიიღო „ნიჭიერთან“ დაკავშირებული წინადადება? მისთვის რამდენად კომფორტულია, რომ ორ კვირაში ერთხელ საქართველოში უნდა ჩამოხვიდე?

არ მგონია, კომფორტული იყოს, რადგან ბავშვზე ზრუნვა ჩემი არყოფნის პერიოდში მთლიანად მას მოუწევს, მაგრამ იცის, რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგიით ვიმუხტები, როცა ამდენ ნიჭიერ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა…

როდის აპირებს ჩამოსვლას?

ბენი ჩვენს შვილთან ერთად ფინალისთვის ჩამოვა…

დაბოლოს, რატომ უნდა ვუყუროთ „ნიჭიერს“ წელს?

მოულოდნელობებით აღსავსე სეზონი იქნება და თავდაყირა დადგება ყველაფერი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g