LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: სად გაიცნო ერიკ რობერტსი ნანუკა ქარუხნიშვილმა: „სულ უკან დამსდევდა, ჯორჯიას მეძახდა და ლოს ანჯელესში დამპატიჟა…“

1307
ნანუკა ქარუხნიშვილი და ერიკ რობერტსი

მომღერალმა ნანუკა ქარუხნიშვილმა, რომელმაც ერთ-ერთ პროფესიად ვიზაჟისტობა აირჩია, ახლახან მეიქ აფ არტისტების ჯგუფთან ერთად, კანის კინოფესტივალს მიაშურა, სადაც სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებაზე მოდელებისთვის მაკიაჟის გაკეთება სთხოვეს. ეს ვოიაჟი ნამდვილ თავგადასავლად იქცა, რომელიც ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს. როგორ გაიცნო ერიკ რობერტსი და სად დაპატიჟა ქართველი მომღერალი და ვიზაჟისტი ჯულია რობერტსის მსახიობმა ძმამ, ამის შესახებ ნანუკა ექსკლუზიურად fortuna.ge-ს მოუთხრობს.

ნანუკა, როგორც ვიცი, კანის კინოფესტილვაზე შენი ვიზიტი ნამდვილ ჰოლივუდურ თავგადასავლად გადაიქცა. მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი იქ?

ყოველთვის ვცდილობ, რომ სიახლე მქონდეს და დამატებითი საქმე შევისწავლო. მომღერლობის მიღმა, სულ რაღაცებს ვსწავლობ პერიოდულად. ერთ-ერთი ვიზაჟია, რომლის კურსებიც გავიარე. ვიზაჟი ისეთი რამეა, სულ მჭირდება, გადავწყვიტე, ხარისხიანად შემესწავლა ეს საქმე. უკვე რამდენიმე წელია, ჩემი მეგობარი, ვიზაჟისტების ჯგუფთან ერთად, დადის კანის კინოფესტივალზე, სადაც მოდელებს, სტუმრებსა და მსახიობებს მაკიაჟს უკეთებენ. შემომთავაზა, ხომ არ წამოხვალ შენც, თან „მაკისა“ და „ბობი ბრაუნის“ მასტერკლასებსაც დაესწრებიო. ამ ჯგუფთან ერთად გავემგზავრე კანის კინოფესტივალზე. კანის კინოფესტივალის ფარგლებში უამრავი ჩვენება ტარდება, მათ შორის, „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაც იყო, რომლისთვისაც მოდელებს მაკიაჟი ჩვენ გავუკეთეთ.

დიზაინერებს რომ შევხვდი, რამდენიმე მათგანმა შემოთავაზა, მოდელები გვაკლდება და ხომ არ მოირგებ ჩვენს სამოსს და ჩვენებაზე გამოხვალო. სამივე დიზაინერის ჩვენებაზე გამოსვლას, ვისგანაც შემოთავაზებები მივიღე, ვერ მოავსწრებდი, რადგან ჩვენებები ერთმანეთს ემთხვეოდა, ამიტომ უკრაინელი დიზაინერის შეთავაზება მივიღე. მან სამუზეუმო ექსპონატი მომარგო, ნაციონალური კოსტიუმი, მეორე კი, მისი კოლექციიდან ერთ-ერთი „ლუქი“.

კანის კინოფესტივალზე ჩემი მეგობარი შემხვდა, რომელიც ქართველია, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს. მან დამპატიჟა წვეულებაზე, სადაც უამრავი ადამიანი გავიცანი, – რიკო სიმონინი, ჩარლზ ოკპალეკე და ასევე ერიკ რობერტსი. მან დამპატიჟა ლოს ანჯელესში, თავისთან. ჩემ მიმართ ძალიან თბილად განეწყო. სადაც ვიდექი, მოვიდოდა და თავს მომადებდა, ჯორჯიას მეძახდა და მთხოვდა, არ წახვიდეო. სანამ თავად სიტყვით არ გამოვიდა და ყველაფერი არ დამთავრდა, მანამდე სულ მეკითხებოდა, ხომ არ წახვალო.

საქართველოს შესახებ რა იცოდა?

ბევრი რამ. მიხსენა კუკარაჩა (ლევან უჩანეიშვილი – ავტ.), რომელთანაც როგორც ვიცი, მეგობრობს, ასევე ძველი ქართველი მსახიობები. ძალიან გამიკვირდა, როგორი ჩახედულია ყველაფერში-მეთქი. ძალიან მესიამოვნა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხმაური და აურზაური იყო, მოვახერხეთ ერთმანეთის გაცნობა და საუბარი.

რა კომპლიმენტი გითხრა?

ულამაზესი ხარო…

მის მიწვევას მიიღებ?

კონტაქტები გავცვალეთ, მას „ინსტაგრამი“ არ აქვს და პირადი კონტაქტი მომცა, ჩემი ნომერიც აქვს. დამპატიჟა, გელოდები და ზაფხულში ლოს ანჯელესში ჩამოდი სტუმრადო. . შეიძლება, დავფიქრდე ამ მოწვევაზე. ერიკის გარდა, უამრავი ადამიანი გავიცანი, რომელთაგანაც შემოთავაზებები მივიღე.

რას გულისხმობ?

გავიცანი რეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც თავისი ფილმის პრემიერაზე დამპატიჟა. მის სახელსა და გვარს ვერ გავამჟღავნებ და შემდეგ შემომთავაზა, რომ ახალ ფილმში მივიღო მონაწილეობა, შეიძლება, მამღეროს, ვნახოთ… შემოდგომაზე იწყებს ახალი ფილმის გადაღებას. სხვათა შორის, მისი შვილიც ძალიან ცნობილი რეჟისორია, ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც რამდენიმე ფილმი აქვს უკვე გადაღებული.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩარლზ ოკპალეკემ „ინსტაგრამზე“ დამიმატა, შემდეგ, როგორც ჩანს, თბილისის ფოტოები ნახა და მომწერა, რომ აღფრთოვანებულია. საქართველოში დავპატიჟე და მითხრა, რომ სიამოვნებით ჩამოვა.

ერიკ რობერტსი არ დაპატიჟე საქართველოში?

ერიკი შორ მანძილებზე სიარულს ერიდება, თუ ფილმის პრემიერა არ არის. თავად მითხრა, რომ არ უყვარს შორ მანძილებზე გამგზავრება, თუმცა თავადაც დამპატიჟა და ფილმის რეჟისორმაც, მელოდებიან და როგორც მივხვდი, ლევან უჩანეიშვილთან მეგობრობენ და მასაც გამაცნობენ. გარდა ამისა, გავიცანი წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც თავის შოუში მიმიწვია და მომიწევს კიდევ ჩასვლა.

ქუჩაში ფოტოგრაფებიც ხშირად მაჩერებდნენ და იტალიელს მამსგავსებდნენ. ასეთი რამ მართლა ფილმებში მინახავს. რა თქმა უნდა, შლეიფიანი კაბებით დავდიოდი და ყურადღებას ვიქცევდი (იღიმის). მიყვარს ეპატაჟური გამოსვლები. კანში ყველა სმოკინგითა და საღამოს კაბებით დადიოდა, ულამაზესად ჩაცმულები, მეც მომზადებული წავედი, ლაშა ჯოხაძის კაბა მეცვა 2024 წლის კოლექციიდან, რომელიც ,,ნიუ-იორკის ფეშენ-ვიკზე” ჰქონდა გატანილი.. მიმიწვიეს წვეულებაზე, სადაც დასწრების საფასური იყო 25 000 ევრო. იქ იყო ბლოგერი ზევსი, რომელიც ყველგან ფეხშიშველი დადის. მან არავინ მიიკარა ფოტოს გადასაღებად ჩემ გარდა. გავიცანი და ფოტოც გადავიღე.

რა ემოციებით დაბრუნდი კანიდან?

საოცარი. წამოსვლა სამი დღით გადავდე და ზედმეტი სამი დღე დავრჩი… სასიამოვნო დრო გავატარე, ბევრი ადამიანი გავიცანი და პირველად მქონდა შეგრძნება, რომ უკან დაბრუნება არ მინდოდა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები