ექსპერტებმა ყველაზე ბიუჯეტური ტურისტული დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს და წელს პირველი ადგილი მექსიკას ერგო.
მოგზაურთა სერვისმა „Reward Expert“-მა ჩაატარა ტრადიციული კვლევა, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და ყველაზე ხელმისაწვდომი ადგილები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით გამოვლინდა.
კრიტერიუმები კი ერთი დღის ხარჯს – სასტუმროს, რესტორანს, საკვებსა და სამოსს, ტრანსპორტით სარგებლობას და გართობას გულისხმობდა. მექსიკაში კი ეს ყველაფერი ორ ადამიანს მხოლოდ 411 დოლარი დაუჯდება. რაც შეეხება მეორე ადგილს, მას 435 დოლარით ჩინეთი იკავებს. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს 446 დოლარით პოლონეთი ასრულებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და ჩეხეთმა კი, 458 და 467 დოლარებით მეოთხე და მეხუთე პოზიციები დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ მოგზაურთათვის ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა წელს ისლანდიაა და იქ იგივე სერვისი – 1142 დოლარი ღირს.