სპეციალური პენიტენციური სამსახური ვაქცინირებული ექთნის დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ N5 დაწესებულების ექთანს PCR ტესტირება 15 მარტს ჩაუტარდა, რომლის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა, რომელზეც ასევე პასუხი უარყოფითი პასუხი აჩვენა. უწყების ცნობით, ექთანს covid-19-ის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა იმავე დღეს, 18 მარტს გაუკეთდა.
ამასთან, როგორც “ფორტუნას” განუცხადეს, Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან, პენიტენციური სისტემის თანამშრომლები PCR ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ PCR ტესტირება კვირაში ერთხელ უტარდებათ.ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.
ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე.
მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა covid-19, თავად ექთანსაც გამოუვლინდა covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა covid-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში კლინიკას დატოვებს,” – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.