ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართა.
სუს-ის ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაფიქსირებული მავთულხლართები, ღობეები, თუ სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.
საუბარი ასევე შეეხო ცხინვალის ე.წ. ციხეში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხს.
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულად გაესვა ხაზი უკანონო „პატიმრობაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლების საჭიროებას. შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე ისაუბრა ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის აუცილებლობაზე, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს აღნიშნული საკომუნიკაციო არხის პრაქტიკულობასა და ეფექტურობას.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.