საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს და მუზეუმის ადმინისტრაციას თანამშრომლების დაშინების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თანამშრომელთა დაბარება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო.
2022 წლის პირველ აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმში გაუმჭვირვალე რეორგანიზაციის ფარგლებში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი გაუქმდა და მისი ფუნქცია მონიტორინგის დეპარტამენტმა შეითავსა.
9 ივნისს პროფესიული კავშირის წევრები დამსაქმებელთან კოლექტიური დავის წამოწყების და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში განცხადების შეტანის მიზნით მუზეუმის წინ 17:00-17:30 საათზე შეიკრიბნენ.
14 ივნისს ახლად შექმნილმა მონიტორინგის სამსახურმა შეკრებილი თანამშრომლების დაბარება და შეკრებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვა. ვინაიდან დასაქმებულებმა გამოიყენეს კუთვნილი შესვენების უფლება, შესაბამისად დამსაქმებლის მხრიდან მსგავსი ტიპის შეკითხვა, ჩვენი შეფასებით არის პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციას შეწყვიტოს თანამშრომლების დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა”- ნათქვამია განცხადებაში.