LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

133
კობა გვენეტაძე1

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ამის შესახბ დღეს გამართულ ბრიფინგზე სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

“საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი მარტის შემდგომ მცირდება. ამასთან ერთად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც კლებას განაგრძობს და დეკემბრის მონაცემებით თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. აღნიშნული ტენდენციები, გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. მთლიანი ინფლაციის შემცირებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაციაც უწყობს ხელს. განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.

"ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობა" - კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ ესაა ინფლაციის არშემცირების ერთ-ერთი ფაქტორი.

საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8 პროცენტი შეადგინა. ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. მეორე მხრივ, ინფლაციური შოკების ფონზე, ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელფასები ბოლო პერიოდში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება, რაც შრომის ბაზრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის.

183100 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება - "საზოგადოება და ბანკები" 

1 იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია.

არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება. დამატებითი ზეწოლის აღმოსაფხვრელად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკის შესამცირებლად, მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო და ამ დინამიკის შენარჩუნება მომავალშიც მოსალოდნელია. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. პოლიტიკის შერბილება ინფლაციის ფაქტობრივი დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების შემდგომ არის მოსალოდნელი, რამაც გრძელვადიანი მოლოდინების გაუარესება უნდა აგვარიდოს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,” – ნათქვამია სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.

magti 5g