ცნობილი food-ვლოგერი ტატიანა სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთ ინდურ ტრადიციაზე დაფიქრდა, რომლის მიხედვითაც, თუ სადედამთილოს გოგო მოეწონება, ის ოჯახში მიდის და მომავალ რძალს თავად მიჰყავს სახლში.
„დღეს ჩემს ფოტოალბომებში ვმოგზაურობდი და ამ კადრს წავაწყდი – ინდურ ქორწილში… ინდოეთი თავისი ფერებითა და კულინარიით ხომ ცალკე სიყვარულია, მაგრამ მათ ერთ ტრადიციაზე სერიოზულად დავფიქრდი: რა კარგი წესი აქვთ – სადედამთილოს რომ მოეწონება გოგო, მიდის ოჯახში და თავისი ხელით მოჰყავს სახლში!“ – წერს ტატიანა.
მისივე თქმით, ამ ტრადიციის მიხედვით, „წინასწარ ყველაფერი გარანტირებული და მოგვარებული გაქვს“ და ხუმრობით აღნიშნავს, რომ ახლა თავადაც მოსწონს ერთი გოგო და ნატრობს, საქართველოში მსგავსი წესის გამოყენებაც შესაძლებელი იყოს.
„ნეტავ აქაც შეიძლებოდეს ამ ინდური წესით მოქმედება… მივიდოდი, პირდაპირ წამოვიყვანდი და ჩემს სამზარეულოში ერთად ისეთ მეგრულ კერძებს დავატრიალებდით! ცალკე ნამდვილ, გაწელილ ელარჯს ჩავზელდით და ხარჩოს მოვამზადებდით და ნამდვილი მეგრული აჯიკის არომატით გავავსებდით მთელ სახლს!“ – წერს food-ვლოგერი.
პოსტს ტატიანა იუმორით ასრულებს და აღნიშნავს, რომ რადგან საქართველოში ცხოვრობს და არა ინდოეთში, ახლა მხოლოდ მისი ვაჟების არჩევანს უნდა დაელოდოს.
„ეტყობა, მანამდე მხოლოდ ჩემი კერძების სურნელით თუ შემოვიტყუებ მომავალ რძალს… დანარჩენი კი მომავლის საქმეა!“ – წერს ტატიანა.
