დმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსულ მედიას ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა თავად განუცხადა.
“დიახ მე ავად ვარ, ვმკურნალობ” – უთხრა ჟურნალისტებს ჩინოვნიკმა.
კრემლის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ის საავადმყოფოში იმყოფება.
პესკოვი ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი არაა, ვისაც რუსეთში კორონავირუსი დაუდასტურდა. 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი დაავადდა.
ბოლო, 12 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია, აქედან 10 899 შემთხვევა ახალია. ამრიგად, რუსეთმა მსოფლიოში ამ მაჩვენებლით ესპანეთს “გადაასწრო” და აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.