LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წლის განმავლობაში გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 7193 ფაქტი გამოვლინდა – ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა

122
გამონაბოლქვი

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის ბოლო ერთ წელიწადში 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში გამოვლინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლები 2023 წლის 4 სექტემბრიდან მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებენ.

„საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (ხუთი თბილისში, ორი ქუთაისში, ორი ბათუმში, ერთი რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა ხუთი ეკიპაჟით გაიზარდა – ორი ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი – ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 3 453 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1 403 – ქუთაისში, 1 233 – ბათუმში, 1 104 – ქალაქ რუსთავში. დაჯარიმებული 7 193 სამართალდამრღვევიდან, 6 267 ფიზიკური პირია, ხოლო 926 – იურიდიული პირი. 4 463 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2 434 – მიკროავტობუსის, 287 – სატვირთო ავტომობილის, ცხრა – ავტობუსის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1 500 და 3 000 ლარია. ჯარიმის ათი დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

magti 5g