“ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა, ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი,” – პრემიერ-მინისტრი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ერთი წლისთავს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, “ვიზალიბერალიზაციით საქართველომ მოიპოვა არამხოლოდ თავისუფალი გადაადგილების უფლება შენგენის ქვეყნებში, არამედ უვიზო მიმოსვლა იყო იმის დასტური, რომ საქართველოს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ცივილიზებულ სამყაროში”.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამაყები. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება.
“კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს, რომელთაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენ შევძლებთ, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ,” – განაცხადა პრემიერმა.