LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

151
აშშ-ის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

„დღესვე ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“ – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ქართული ოპოზიციური სპექტრი აფასებს.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ეს აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ მორიგი მხარდაჭერის აქტია“.

„დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და რუსული კანონის ინიცირებასთან – დამტკიცებასთან არიან დაკავშირებული, ემსახურება და წარმოადგენს შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს.

რამდენადაც დღეს ჩვენ გვყავს ბოლშევიკური ხელისუფლება, რუსული ინტერესების სამსახურში მყოფი „ოცნების“ პოლიტიკოსები და ამ პარტიის დამფუძნებელი, რომელიც სრულიად უგულებელჰყოფს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, ამიტომ ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი მხარდაჭერის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები „ოცნების“ წარმოებული პოლიტიკის და ქართველი ხალხის, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტების საპასუხოდ“, – წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

🇬🇪🇺🇸 დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები იმ ადამიანების…

Posted by Badri Japaridze • ბადრი ჯაფარიძე on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024

Politico – აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება „ლელოს“ კიდევ ერთი დეპუტატი სალომე სამადაშვილი და აცხადებს, რომ „თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“.

„როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე, ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას.

ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე-ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ…

Posted by Salome Samadashvili on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024

„ქართული ოცნება“ ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში“, – წერს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი შეაჩეროს:

„სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, „ოცნების“ რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას!

მინდა ხელახლა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა დიპლომატს – დაუყოვნებლივ გადადგით ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება და ქვეყნის გადარჩენა!

გააჩერეთ რუსული კანონი“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024

პარტია „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს სანქციების მხოლოდ პირველი ეტაპია და ის საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ღმასრულებელ პირს შეეხება:

„მინდა გავაფრთხილო ყველა და ვუთხრა „ართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც აპირებენ, რომ სამშაბათს, „რუსულ კანონთან” დაკავშირებით ვეტო დაძლიონ, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. ეს სანქციები შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა პროკურორს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ვინც ადამიანებზე ძალადობენ, ასევე სანქციები შეეხებათ მერებს, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს.

საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ჩაიდინა მოღალატეობრივი აქტი, მაშინ როდესაც აშშ-მა გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა, ეს უდრის ეროვნული ინტერესების ღალატს, ეს არის ყველაზე მძიმედ შესაფასებელი საქართველოს მოქალაქეებისგან.

სანამ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა, სრულ იზოლაციაში ვიქნებით. კობახიძე, ივანიშვილი და ყველა ეს ადამიანი, ივანიშვილის კოჰორტა, მისი პროქსები იზოლაციისკენ მიდიან და უნდათ, საქართველო რუსულ ჭაობად გადააქციონ.

ასევე, სანქციები შეეხებათ პროპაგანდისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროპაგანდას ავრცელებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, ხელისუფლებას მოუწოდებს, ვეტო არ დაძლიონ:

„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ.

რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მ იმიტომ დაგავსანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? ხალხო, მართლა სადამდე მიხვედით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და თქვენს შვილებსაც კი ატყუებთ, რომ საქართველოს ამერიკისგან და ევროპისგან იცავთ.

უბრალოდ დაფიქრდით, იმისთვის, რომ რაღაც სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოთ, იმეორებთ სიგიჟეს, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოს მტერია და რუსეთი მოყვარე. ვინ გამოდიხართ ხალხო, რას აკეთებთ, რას გავხართ, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა? დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი“, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება არის ღია მესიჯი, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარს უჭერს:

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი მთავარი პარტნიორი, აშშ დგამს. ეს არის ღია მესიჯი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამ ფონზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან ქართველი ხალხის სწრაფვას, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, საუბარია ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ყველას მიმართ დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სანქციები, საუბარია ვიზასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე, ეს არის ფინანსური სანქციები, ამას შემდგომი ნაბიჯებიც მოჰყვება“, – თქვა პაატა დავითაიამ.

პოპულარულები